საზოგადოება
რიმა ბერაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

  საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

 „კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი.

 თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 800 მილიონზე მეტია და 801 მილიონ 302 ათას ლარს შეადგენს.

 ბიუჯეტის პრიორიტეტებია: მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად 20 ლარი ჩაერიცხებათ.

 თანხა ასევე გაიზარდა დაზიანებული III კატეგორიის ავარიული შენობების გამაგრებისთვის, რომელიც 22 მლ. 19 000 ლარს შეადგენს.

 რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ხარჯებს, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში ის შემცირებულია 22 მლნ 300 000 ლარით, მათ შორის თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა 1 მლნ 400 000 ლარით“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.