აქტუალური
ქვესადგური "მარნეული 500"-ის მშენებლობა დასრულებულია

    საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია - პროექტი  „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. "მარნეული 500“-ის  მშენებლობის პროექტის ღირებულებამ  20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

  ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ.

  „ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტისა“ და საქართველოს მთავრობის ათწლიანი ელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.