აქტუალური
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ერთკვირიანი კურსი, რომელიც  თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს, ნატოს მხარდაჭერით, ასევე JTEC-ის და ნატოს საწვრთნელი ცენტრის - ნორვეგიის ზამთრის საბრძოლო ცენტრის  ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ პრაქტიკულ ნაწილს კურსის მონაწილეები ნორიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადიან, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები  სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედების შესახებ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებენ.

 ზამთრის კურსის პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას ქართველი სამხედროები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქტორისგან მიღებული კონკრეტული დავალების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესრულება დაევალა. ჯგუფები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებისა და იმპროვიზაციის უნარის მიხედვით შეფასდნენ. ინსტრუქტორებმა დაწვრილებით განიხილეს კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ქარში და წვიმაში კარვის ან სხვა ნებისმიერი საფარის სწორად აგებას, კოცონის დანთებას, პირადი ნივთების მშრალად შენახვას და სხვა დეტალებს მოიცავდა. 

 „ზამთრის კურსი“ საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.