საზოგადოება
ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი! და რა „არ აინტერესებს“ კახი კალაძეს

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს არის მარეგულირებელი კომისიის, სემეკ-ის პრეროგატივა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ დათვლებს. შემიძლია, დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა კახი კალაძემ.

 მისივე თქმით, თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება  ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვის საჭიროება, ეს აუცილებლად მოხდება.

 “ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კომპანიები გაკოტრდნენ, ენერგეტიკა დაინგრეს. გახსოვთ გასულ წელს ჩემი განცხადებები. ბევრი საუბარი იყო, რომ ტარიფი არ გაგვეზარდა, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად ენერგეტიკის სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ტარიფის მატება ელექტროენერგიაზე, ანუ დაუბრუნდა იმ ძველ ნიშნულს, რაც 2012 წლამდე იყო", - განაცხადა კალაძემ.

 ვიცე-პრემიერმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის რუსეთის ფედერაციაში შესაძლო გამგზავრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის.

 "არ ვიცი, არ არის საინტერესო. ვერ გეტყვით", - განაცხადა მან.

 ცნობისათვის: წინა კვირას გადამდგარი გენერალი გამეზარდაშვილი, რომლის ფინანსური დარღვევების შესწავლითაც 2012 წლის შემდეგ მისდამი დაქვემდებარებულ სისტემაში დაკავებული არიან ფინანსური აუდიტი და შს გენინსპექცია, დღეს დილით დაბრუნდა თბილისში და აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ ქართულ მედიაში ცილიმწამებლური კამპანია გააჩაღეს.