აქტუალური
სპეცოპერაციების ძალების ქართულ-ამერიკული სწავლება დასრულდა

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. სპეციალური ოპერაციების ძალებში ქართულ-ამერიკული ორთვიანი სწავლება დასრულდა.

 კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიმართეს.

 „დავასრულეთ მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელიც  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერება მომავალ წლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მომავალშიც იგეგმება მსგავსი წვრთნების უფრო ინტენსიური ფორმით ჩატარება“, - განაცხადა  ლევან იზორიამ.

 „ეს ღონისძიება მორიგი მაგალითია, თუ როგორ ღრმავდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა, რომლებიც ერთად უმკლავდებიან გამოწვევებს და ავითარებენ თანამშრომლობას“, - განაცხადა იან კელიმ.         

 გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სწავლების ეფექტიანად ჩატარებისთვის და სამხედროებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა.

 საქინფორმი: საქართველო შავი ზღვის რეგიონში აშშ–ის მთავარ ფორპოსტად გარდაიქმნება კავკასიაშიც. საწვრთნელ–სასწავლო სტრუქტურის განვითარება და ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობა, ერთობლივი წვრთნები და ლეტალური შეიარაღების მიწოდება – ეს კონკრეტული მიმართულება აშშ–ის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოში უახლოეს წლებში.