რედაქტორისგან
ორი სამინისტრო, ორი სახელმწიფო მინისტრი, ორი “მთავრობა დევნილობაში” და ერთი ბანკირი გასაუქმებელია! - არნო ხიდირბეგიშვილი ლარის კურსის გამყარების შესახებ

  ქართველები აუცილებლად შეურიგდებიან აფხაზებსა და ოსებს - ეს ისევე გარდაუვალია, როგორც შერიგება რუსებთან. მაგრამ ახლანდელი ხელისუფლებისგან ამის მოთხოვნა არარეალურია. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა - შექმნას ქართული ეკონომიკა, დააპუროს მშიერი ხალხი, შექმნას სამუშაო ადგილები, შეაჩეროს ქვეანაში ინფლაცია და ეროვნული ვალუტის დევალვაცია. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა - ცოტა მაინც შეგვისუბუქოს და არა დაგვმძმოს ისედაც მძიმე ცხოვრება  - არ გააძვიროს არსებული ტარიფები (დენზე, ბუნებრივ აირზე, წყალზე, ტრანსპორტზე, ავტოგანბაჟებაზე), არ შემოიღოს ახალი გადასახადები (ავტოტექდათვალიერება, ქონების გადასახადი), არ გააძვიროს საწვავი, პური, პროდუქტი და მედიკამენტები.

 მთავარი ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობას უამრავი შიდა რესურსი აქვს.

 ბოლო უნდა მოეღოს ფულის ფლანგვას ჰაერზე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - ფოიერვერკებსა და ტაშფანდურზე ქალაქის ქუჩებში, რასაც სააკაშვილი მშიერი ხალხის ყურადღების გადატანის მიზნით აკეთებდა. მაგალითად, რატომ უნდა დახარჯოს წელს თბილისის მერიამ მილიონ-ნახევარი ლარი საახალწლო ღონისძიებებზე? რა უნდა ქართველ კაცს ქუჩაში ახალი წლის ღამით. სიცივეში?! კავკასიელები ახალ წელს სახლში, ოჯახთან ერთად ხდებიან და აჯობებს, ეს ფული მრიის და გამგეობების თანამშრომლებმა,  საკრებულოს და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ხელმოკლე თბილისელებს ქეშით პირდაპირ სახლებში მიუტანონ, რომ მათი საახალწლო სუფრა ცარიელი არ იყოს! ნუ ავიწყდებათ ისიც, რომ ადგილობრივი არჩევნები კარზეა მომდგარი...

 შემდეგი: ბოლო უნდა მოეღოს სააკაშვილის დროს შექმნილ მონოპოლიებს, რომლებიც, პრაქტიკულად, სახელმწიფოს სახელმწიფოში წარმოადგენენ და სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობენ. მაგალითად, საბანკო სექტორში, რომლის მონოპოლიზაცია კერძო „თიბისი ბანკის“ მფლობელმა მოახდინა. მამუკა ხაზარაძე დღეს ათასჯერ უფრო ძლიერი ფიგურაა, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - „ვინც არ უნდა იყო“ -  ამიტომაც წერია ეს სლოგანი  „თიბისი ბანკის ფილიალების შუშის ყველა კარზე, რომელსაც ავტომატურად გინდა დაუმატო „ფეხებსაც ვერ მომჭამთ!“. და რას ნიშნავს „თიბისი ბანკის” ძველბიჭური სარეკლამო კლიპი „ნუ წახვალ იქ, მოდი აქ“, რომელსაც ერთი სიტყვა - „ბიჭო“ აკლია?! რას ნიშნავს „ნუ წახვალ იქ“?! განა ეს არ არის სხვა ბანკების ინტერესების დაკნინება?! საით იყურება ანტიმონოპოლიური სააგენტო?! „ჩვენ ყველა ერთად გელოდებით“-ო... რისთვის, რომ სესხებზე პროცენტებით გაგვძარცვონ?!

 დარგის სპეციალისტების აზრით, ლარის გაუფასურება მამუკა ხაზარაძის მიერ განხორციელებული 121 მილიონი ევროს ტრანზაქციის ბრალია, ანუ „რესპუბლიკა ბანკის“ ყიდვის და საქართველოდან ვალუტის დიდი მასის გატანის. ყოველ შემთხვევაში, ნაცვალუტის არნახულ ინფლაციას პირველი ბიძგი ამან მისცა. მაგრამ საქართველოს პირველმა ბანკირმა ლარის გაუფასურებით ისარგებლა და ეს 121 მილიონი ლარი უცებ დაიბრუნა - წარმოიდგინეთ, მარტო ერთ დღეში - დოლარი რომ 2,70 ლარი გახდა - რა მოგებას ნახავდა!

 მაგრამ ხაზარაძისთვის ყველაფერი შეიძლება, რადგანაც მას დასავლეთის ანგლოსაქსური დედაქალაქის ცენტრში მდებარე ლონდონის ბირჟა უმაგრებს ზურგს! მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც კი ბატონი მამუკას ინტერესებია ჩადებული - ის ხომ საქართველოს მთავარი ბანკირია და სახელმწიფო იქით აძლევს ფულს, მის მიერვე გამოწვეული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებშიც კი! 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 96 ილინი ანაკლიის მოსახლეობისგან მიწების გამოსასყიდად დაიხარება. ანუ, გამოდის, რომ ქართველმა ხალხმა - გადასახადების გადამხელებმა - საკუთარი ჯიბიდან  ხაზარაძეს მიწები უნდა ვუყიდოთ, რომლებზეც ის აერიკელ პარტნიორთან ერთად პორტს ააშენებს და ფულს იშოვის?!  ამ გაჭირვებაში რა დროს ჭაობში პორტის აშენებაა, რომელსაც ნატო სამხედრო საზღვაო ბაზად გამოიყენებს, რასაც შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხების კონცეფცია თვალისწინებს?!

 ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ვარ გადასახადების გადამხდელი და უფლება მაქვს, მთავრობას ვურჩიო - ცოტა მომჭირნე იყოს! შემდეგი მაგალითი: აბა, იანგარიშეთ, რა დაგვიჯდა დიასპორის საქმეების სამინისტროს შენახვა, რომელიც მთავრობამ 4 წლის წინ თავიდანვე არარეალური მიზნებისთვის შექმნა, ახლა კი გააუქმა?! როცა ქართული დიასპორა რუსეთში გყავს, დანარჩენ მსოფლიოში კი იმ დიასპორის მხოლოდ 5%, რაში გჭირდება სამინისტრო, თუ რუსეთთან დიპურთიერთობაც არ გაქვს?!

 დღეს გასაუქმებელია, სულ ცოტა, კიდევ ორი სამინისტრო, ორი მინი-სამინისტრო, ანუ ორი სახელმწიფო მინისტრი თავისი აპარატებით, და „დევნილობაში მყოფი“ ორი მთავრობა.

 მაგალითად, გაუგებარი დასახელების მქონე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების“ სამინისტროს საქმეს რეალურად რეგიონული განვითარების, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის და დანარჩენი სამინისტროები აკეთებენ. მაშინ რაში გვჭირდება ზედმეტი შუამავალი ცალკე სამინისტრო - „სუბკონტრაქტორი“?! საკმარისია, სოზარ სუბარი, რომელსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა მინისტრად და ომბუდსმენად მუშაობის დროს, ამ დარგის კურატორად დაინიშნოს და ეს ახალი საშტატო ერთეული უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იყოს.

 ან კიდევ, რას საქმიანობს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში? ამ ინტეგრაციით 24 საათის განმავლობაში დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრითურთ, საქართველოს მთელი მთავრობა, ყველა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრეზიდენტი! მაშინ რაში გვჭირდება დუბლიორი დოლიძე?

 და განა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ტერიტორიების 22%-ს დაგვიბრუნებს? არა, მაგას თქმაც არ უნდა, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ციხელაშვილს არცერთი აფხაზი და ოსი არ დაელაპარაკება, როგორც ზაქარეიშვილს არ ელაპარაკებოდა - ამას აპრიორი გამორიცხავს ქვეყნის დეკლარირებული  უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსი.

 იმის გახსენებაც კი სირცხვილია, რომ სააკაშვილის დროიდან დღემდე ვკვებავთ ორ "დევნილ მთავრობას", რომლებსაც მარიონეტულსაც კი ვერ უწოდებ! ერთ-ერთს ქართველების მკვლელი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელსაც სააკაშვილის და დღევანდელი მთავრობა ფუფუნებაში ინახავს და სასეირნოდ ჟენევაში დაჰყავს! რა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს მკვიდრნი საქართველოს მოქალაქეები არ არიან? თუ - კი, რაში სჭირდებათ მათ ცალკე მთავრობები? ამ ცალკე მთავრობებით და ტელევიზიებით შეიქმნა თავის დროზე მათი დღევანდელი „დამოუკიდებლობის“ საფუძველი! და სანამ თურქეთმა აჭარა არ წაგვართვა, როგორც რუსეთმა ახაზეთი და სამაჩაბლო, დროზე უნდა გაუქმდეს აჭარის ავტონომიაც!

 უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, და რომლის ეკონომიკა ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები სასწრაფოდ გასაერთიანებელია!

 ახლა გადახედეთ ზემოთ ჩამოთვლილს და იანგარიშეთ - თურმე, რამხელა შიდა რესურსები გაგვაჩნია! ესეც თქვენ საკმარისე მეტი თანხა ლარის გასამყარებლად!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 8 დეკემბერი
საქართველო, თბილისი