აქტუალური
აშშ-ის კონგრესმა რუსეთთან საბრძოლველად 4.3 მილიარდი დოლარი გამოჰყო

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც კრძალავს თანხის გამოყოფას ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობაზე მოსკოვთან იმ მომენტამდე, სანამ პენტაგონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით, არ აუწყებს კონგრესს, რომ რუსეთმა შეწყვიტა “უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები, რომლებიც უკრაინისა და ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება”.

 დოკუმენტი, აგრეთვე, კრძალავს ნებისმიერი საქმიანობის დაფინანსებას, რომელიც ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს. ამავე დროს, დოკუმენტი უშვებს შეზღუდვების მოხსნას იმ პირობით, რომ პენტაგონი დაარწმუნებს კონგრესს ამ ნაბიჯის აუცილებლობაში აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

 გარდა ამისა, კანონპროექტი “რუსეთის შეკავებაზე” 4.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხმა მოხმარდება “პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სახალხო დიპლომატიას”, აგრეთვე ნატოელი მოკავშირეებისა და ევროპასა და აზიაში აშშ-ის სხვა პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერას.