აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით უაღრესად დინამიკური და ნაყოფიერი იყო: ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა; ვარშავაში, პირველად ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, გაიმართა NGC-ის შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში და მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე; თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო; გაიმართა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და წლის განმავლობაში მიღწეული იქნა ხელშესახები პროგრესი ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში.

 გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვეს ნატოს ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში.

 საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და ზოგადად სტაბილურობას რეგიონში. აღნიშნულთან დაკავშირებით  პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს და ალიანსს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.