აქტუალური
სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას აღარ გააგრძელებს

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილებებს სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ჯარიმები წესდებოდა. კანონპროექტი 2012 წელს  ევროინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა.

 კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევდა. ასევე თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებაში 50-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

 მერვე მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის გადაწყვეტილებით კი კანონი უკან გაიწვიეს.