აქტუალური
წვევამდელთა სისტემა საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით ამოქმედდება

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა.

 „განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით შევეხეთ წვევამდელთა სისტემას. უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში ეს სისტემა დიდი ხანია, მუშაობს და კიდევ ერთხელ მოვისმინე ძალიან კარგი არგუმენტები, თუ რატომ არის საჭირო წვევამდელთა სისტემის არსებობა ისეთი მცირე ერებისთვის, როგორიც საქართველო და ესტონეთია. ჩვენ იანვრის ბოლოს ესტონეთში ვიზიტს ვგეგმავთ, რათა ადგილზე გავეცნოთ ამ სისტემის მუშაობას, მაქსიმალური გამოცდილების გაზიარებით ნატოს წევრი ქვეყნებისა დავნერგოთ ჩვენთანაც სწორედ ამ სტანდარტებით წვევამდელთა სისტემა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 „ჩვენმა კოლეგებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახური რამდენიმე წლის წინ გააუქმეს. თუმცა, ასევე საქართველოს მეგობარმა ქვეყანამ - ლიტვამ აღადგინა სავალდებულო სამსახური. შვედეთიც აპირებს, აღადგინოს ჯარში გაწვევა. ნორვეგიამაც აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ფინეთს კი არასდროს გაუუქმებია ჯარში გაწვევა. ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მონაწილეობის მიღება. თუ თქვენ კვლავ აღადგენთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს“, - განაცხადა ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 ლევან იზორიამ ესტონელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.