აქტუალური
საქართველოში ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში 11 პირია მიცემული

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ანგარიშშია ნათქვამი.

 როგორც  ანგარიშიდან ჩანს, 2015-2016 წლებში ტერორისტული დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პირების მიგრაცია ისლამურ სახელმწიფოში. ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 2015 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, რომელთაგან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 10 პირის მიმართ, ხოლო ერთი პირის მიმართ საქმე იხილება არსებითად.

 „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომლითაც 2015 წლის მდგომარეობით შეფასებულია მსოფლიო ტერორისტული საფრთხეები, საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, დათმობილი აქვს ცალკე თავი. ჩვენი ქვეყანა აღიარებული იქნა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში გლობალური კოალიციის წევრად, რომელმაც დახვეწა კანონმდებლობა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს გააცნო.