უცხოეთი
საფრანგეთში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მეორე ტურში ფრანსუა ფიონმა გაიმარჯვა

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის მეორე ტურში  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიონმა გაიმარჯვა. მან ხმების 67% მიიღო, მისმა მეტოქემ, ასევე ყოფილმა პრემიერმა, ალან ჟუპემ კი - 33%.

 ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ალან ჟუპემ დამარცხება აღიარა და ფრანსუა ფიონს გამარჯვება მიულოცა.

 კანდიდატებს შორის გამართული ბოლო სატელევიზიო დებატების დროს ფრანსუა ფიონმა რუსეთის მისამართით მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მხარი დაუჭირა. მან ასევე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის გაჩაღებაზე კიევის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის, რუსეთთან სირიის საკითხზე ითანამშრომლოს.

 საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები 2017 წლის აპრილში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მმართველი სოციალისტური პარტიის კანდიდატი - მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი თუ პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი. თუმცა წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ფრანსუა ფიონსა და “ნაციონალური ფრონტის” ლიდერს მარინ ლე პენს შორის გაიმართება.