პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: საგარეო პოლიტიკის მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების, სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრისას განაცხადა.

 "სულ უფრო ინტენსიური ხდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ჩარჩო დოკუმენტს. მთავრობის ამოცანა გახლავთ, სრულად და ეფექტიანად გამოიყენოს ქვეყნის ევროინტეგრაციით განპირობებული შესაძლებლობები. მათ შორის, ის შესაძლებლობები, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება და სრულიად ახალ შესაძლებლობებს ბადებს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 "გვაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება და შექმნის თვისობრივად ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისათვის, როდესაც ისინი შეძლებენ შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და სტაბილური განვითარების წინაპირობა.

 მისი თქმით, გაგრძელდება რუსეთთან პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა დეესკალაციის მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე.

 „გაგრძელდება ძალიან ინტენსიური მუშაობა აფხაზებთან და ოსებთან შერიგების მიმართულებით. ჩვენი სამთავრობო გუნდი განწყობილია, რათა მომავალი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.