უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი 27 ნოემბერს კიევში აქციას მართავს

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესის ყოფილი გუბერანტორი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინაში აქციებს იწყებს და პირველ აქციას 27 ნოემბრისთვის აანონსებს.

 სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამიერიდან მას მხარდამჭერებთან კომუნიკაცია "ფეისბუქის" საშუალებით ექნება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მოძრაობის ოფისს სპეცსამსახურები უთვალთვალებენ, უკრაინის ძირითადმა ტელეკომპანიებმა კი კარი დაუკეტეს. როგორც ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, ეს ყველა ზომა მიმართულია იმისთვის, რომ მან და მისმა მხარდამჭერებმა ბრძოლა შეწყვიტონ.

 „ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ძველი ხრიკები არ მუშაობს, ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე ვიქნებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 “ჩვენ გვინდოდა წესრიგის რეფორმები, ამის მაგივრად მივიღეთ რეფორმების იმიტაცია და სრული არეულობა ცხოვრების ყველა სფეროში. ჩვენ უნდა ვაჩევნოთ, რომ ქვეყანაში სხვა, ახალი ძალები არსებობს, გულწრფელი, მოწესრიგებული, რომლებსაც რეალურად აქვთ ქვეყნის დაცვის მოტივაცია.  ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვარსებობთ, გვჯერა უკრაინის მომავლის. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და ენერგია, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვერ მოგვისყიდიან, ვერ დაგვაშორებენ, ჩვენით არ შეუძლიათ მანიპულირება. უკრაინას აქვს ეს ძალები. მე მჯერა ქვეყნის ძალის.  ბოლომდე ვიბრძოლებ. მინდა, რომ ყველანი ერთად ვიყოთ. მე თქვენ არ გიღალატებთ. იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში თქვენც ჩვენთან ერთად იქნებით. 27 ნოემბერს, 13.00 საათზე ვიკრიბებით ჩერნოვოლის ქანდაკებასთან, პარლამენტის ორი წლისთავზე. ჩვენ უნდა ვთქვათ - საკმარისია. ჩვენ რეალურად დავიღალეთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ გააგრძელოთ ის, რასაც თქვენ აკეთებდით. ჩვენ გავერთიანდებით, უფრო და უფრო ბევრნი ვიქნებით და ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მოვიპოვებთ, უკრაინისთვის და ყველა უკრაინელი ოჯახისთვის. ეს ყველაფერი დაიწყება აქ. გელოდებით“, - აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.