პოლიტიკა
უორდროპის დიალოგი, რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა - გიორგი კვირიკაშვილი

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

 მხარეებმა განიხილეს საქართველო–დიდი ბრიტანეთის პარტნიორული ურთიერთობის ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობას და  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოების პერსპექტივებს.

 მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანელი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ამერიკისა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრექსიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობაში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.