აქტუალური
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სამი ახალი დეპუტატი ეყოლება

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შესვლა უწევთ გუგული მაღრაძეს, დავით მათიკაშვილს და გიორგი ხატიძეს. ისინი გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას და კახი კალაძის ადგილებს დაიკავებენ.

 გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო, კახი კალაძე - მეორე, ხოლო გიორგი გახარია - მეხუთე ნომერი.

 კახი კალაძე კვლავ ენერგეტიკის მინისტრად ბრუნდება.  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის მიერ  მთავრობის  ახალი წევრების დასახელების დროს გახდა ცნობილი.

 კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე ილია ელოშვილს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე კალაძის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დაინიშნა. კახი კალაძე იქნება ვიცე-პრემიერიც.