პოლიტიკა
კიევში მაიდანზე საბურავები იწვის

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ევრომაიდნის მესამე წლისთავთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. აქტივისტებმა კიევის ცენტრში მანქანის საბურავები მიიტანეს და მათი დაწვა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პოლიცია მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლას ცდილობს და დემონსტრანტებს “დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ” მოუწოდეს, რის შემდეგაც ევროპის მოედნის მხრიდან მაიდნისკენ ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფი დაიძრა და საბურავებს ცეცხლი წაუკიდა.

ამას გარდა, აქციის მონაწილეებმა მოძრაობა “უკრიანული არჩევანის” ოფისსა და რუსული “სბერბანკის” განყოფილების მინები ჩაამსხვრიეს.

როგორც BBC წერს, მაიდანზე უკრაინელ პოლიტისებთან ერთად, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა და ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა. მიხეილ სააკაშვილმა 2014 წელს ევრომაიდნის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

2013 წელს უკრაინასა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების ჩაშლას მასობრივი აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები რამდენიმე თვე გაგრძელდა და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გაქცევით და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა.