პუბლიკაციები
მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენა

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი:

 „მოგესალმებით,

 მოგეხსენებათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და უმრავლესობით დააკომპლექტა მე-9 მოწვევის პარლამენტი. კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა ახლა უკვე, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

 ჩემი, როგორც მომავალი მთავრობის მეთაურის უმთავრესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო, უსაფრთხოების ხარისხი და ამავდროულად უზრუნველვყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იქნა შემუშავებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა და სწორედ ამ რეფორმების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პარლამენტს წარვუდგენ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.

 დღეს, როდესაც მსოფლიოში მოვლენები სწრაფი ტემპებით იცვლება, სწრაფად ვითარდება გარემოებები, ჩვენს წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევებს ახალი ენერგიით, სწრაფი და ეფექტიანი ქმედებებით ვუპასუხოთ.

 პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომელთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს. უპირველეს ყოვლისა კი, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, თუმცა ისინი ცხადია დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას.

ახლა კი, უფრო კონკრეტულად:

მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეცვლის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნოდარს გაწეული საქმიანობისთვის ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო უწყების, ფინანსთა სამინისტროს ღირსეულად გაძღოლისთვის. დიდი მადლობა, ბატონო ნოდარ და გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს, მას საზოგადოება კარგად იცნობს და განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. დიმიტრი არის ჩვენს გუნდში ძალიან გამოცდილი ფინანსისტი, ეფექტური მენეჯერი და აქვს სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის კარგი გამოცდილება. დღემდე ის იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს და ამავდროულად, გახლდათ პირველი ვიცე-პრემიერი.

მისი აქტიური მონაწილეობით და ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაცია, ტექნოპარკების შექმნა და ა.შ. ამასთან, ბატონი დიმიტრის წვლილი დიდია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შემუშავებასა და განხორციელებაში.

ბატონი დიმიტრი მომავალ კაბინეტში დაიკავებს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას და შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის პოზიციასაც.

შემდეგი ცვლილება ეხება ენერგეტიკის სამინისტროს, სადაც ბრუნდება ბატონი კახი კალაძე.

ბატონი კახი არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, რომელიც ამავდროულად გახლავთ კოალიცია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. მან დიდი წვლილი შეიტანა საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გუნდის დამაჯერებლად გამარჯვებაში, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ახლა კი, იგი ბრუნდება იმ უწყებაში, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს. კახიმ ზედმიწევნით კარგად იცის ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევები. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ბევრი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, ელექტროფიცირდა ისეთი სოფლები, რომლებსაც არასოდეს მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, აშენდა ახალი ჰიდროელექტოსადგურები, თბოელექტროსადგურები და განსაკუთრებით გამოვყოფდი ქარელში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. დარწმუნებული ვარ, კახის ხელმძღვანელობით, ეს უწყება კიდევ ბევრ ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტს განახორციელებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ მას. ამავდროულად, ბატონი კახი კვლავ დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. აქვე, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ილია ელოშვილს, ის რჩება ჩვენს გუნდში და აგრძელებს მუშაობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად და მომავალ ეკონომიკის მინისტრად მსურს, წარმოგიდგინოთ გიორგი გახარიას კანდიდატურა.

გიორგი გახარია არის კვალიფიციური ეკონომისტი, ის გახლავთ პოლიტოლოგიისა და ბიზნესის მართვის მაგისტრი. მას აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და თანამედროვე მიდგომები. ბატონი გიორგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე, 2013 წლიდან კი, გახლდათ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და, ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში. ის ასევე არჩეული იქნა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. გიორგი ყოველთვის იყო ბიზნესის ინტერესების დამცველი საქართველოს მთავრობაში და ამიერიდან მას მოუწევს ბიზნესის ინტერესებზე, მის განვითარებაზე უკვე ეკონომიკის მინისტრის რანგში ზრუნვა. წარმატებას ვუსურვებ მას და დარწმუნებული ვარ, გიორგი ჩვენთან და ბიზნესთან ერთად, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში.

აქვე მსურს, წარმოგიდგინოთ მთავრობის ეკონომიკური ბლოკის კიდევ ერთი მინისტრობის კანდიდატი. ეს ცვლილება ეხება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს. პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომლის მინისტრობის პერიოდში დაიწყო არაერთი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მეტად აღსანიშნავი გახლავთ როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რომელსაც საუკუნის პროექტი ეწოდა. ბატონმა ნოდარმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამედროვე ინსტიტუციად ჩამოყალიბების საქმეში. იგი არის ძალიან გამოცდილი ეკონომისტი და ჩვენს გუნდში გააგრძელებს მუშაობას სხვა ასევე მნიშვნელოვან პოზიციაზე. ბატონო ნოდარ, ძალიან დიდი მადლობა თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას გისურვებთ!

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ახალ მინისტრად წარმოგიდგენთ ბატონ ზურაბ ალავიძეს.

ზურაბ ალავიძე გახლავთ ახალგაზრდა, ენერგიული მენეჯერი, რომელიც თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა. ის ასევე გარკვეული პერიოდი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მას აქვს როგორც საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის, ასევე - მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის დიდი გამოცდილება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის. მოგეხსენებათ, ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება სივრცითი მოწყობა გახლავთ. ამ გეგმის შესრულებაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დაგეგმილი ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ძალიან წაადგება ზურაბ ალავიძის კვალიფიკაციის ადამიანი და ისეთი პროფესიონალი, როგორიც ის გახლავთ. იგი, ერთის მხრივ, ამ პროექტების მშენებლობას დააჩქარებს, მეორეს მხრივ, იზრუნებს იმაზე, რომ საჭირო რესურსები ეფექტურად იქნას მოზიდული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან სფეროს - ევროპულ და ევროატლანტიკურ მიმართულებას. მოგეხსენებათ, დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა ბატონი დავით ბაქრაძე, რომელიც ჩვენს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად იქნა წარდგენილი. ბატონ დავითს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესში შეტანილი. ის სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას, როდესაც საქართველო-ევროკავშირის დაახლოების საქმეში ისტორიული ნაბიჯები გადაიდგა - გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიდო შეთანხმება, დღის წესრიგში დადგა ვიზალიბერალიზაციის საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითის გამოცდილების მქონე დიპლომატი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ჩვენს მთავარ პარტნიორთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. ბატონო დავით, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და წარმატება გისურვოთ, ამ უაღრესად მნიშვნელოვან პოზიციაზე.

რაც შეეხება მის შემცვლელს, მსურს, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ბატონი ვიქტორ დოლიძე წარმოგიდგინოთ. ვიქტორ დოლიძე გახლდათ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი და ის პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში. მას აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში. ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პარლამენტის და მთლიანად ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის საქმეში. ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა, თუ შემდგომში, უკვე მოგვიანებით - ამ სტატუსის გარეშე.

ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენას.

რაც შეეხება სხვა თანამდებობებს მინისტრთა კაბინეტში, მოგეხსენებათ, დიასპორის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა და დიასპორის მინისტრის ფუნქციებს უკვე საგარეო  საქმეთა მინისტრი შეითავსებს. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გელა დუმბაძეს, გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის პერიოდში, ჩვენი დიასპორისთვის ბევრი ძალიან სასიკეთო საქმე იქნა წამოწყებული და დასრულებული. მინდა, მას წარმატება ვუსურვო უკვე დიპლომატიურ საქმიანობაში და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო პერსპექტივა გააჩნია.

სხვა მხრივ, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი რჩება და ჩვენ კვლავ ერთიანი, გუნდური პრინციპით გავაგრძელებთ საქმიანობას, ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!“