საზოგადოება
საკრებულოს წარმომადგენლები წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის 10 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი, უმრავლესობის ლიდერი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი  რიმა ბერაძე, საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები სვანეთის უბანში მდებარე წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის 10 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

საღამოს ტაძრის აღმშენებელი და უბნის მკვიდრი ვახტანგ ნაბახტეველი უძღვებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მიმდებარე უსახელო ქუჩას დემეტრე თავდადებულის შვილის, ვახტანგ მესამის სახელი სწორედ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების დახმარებით მიენიჭა.

ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის “ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული“ ჩვენება მოეწყო, რომელიც წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ათწლიან ისტორიას ასახავდა.

საღამო, რომელშიც სპეციალურად ამ დღისთვის კახეთიდან ჩამოსული ტრიო “ნეკრესი” მონაწილეობდა, კინოთეატრ “რუსთაველში“ გაიმართა და მას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელების გარდა, თბილისის ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა, სასულიერო პირები და ტაძრის მრევლი ესწრებოდნენ.