სამართალი
შსს-ს გენერალური ინსპექცია კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების წევრი გახდა

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციაზე საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის EPAC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა. დამსწრე წევრებმა ამ ორგანიზაციაში გენინსპექციის გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის EPAC-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულების, საზედამხედველო ფუნქციების გაზრდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეფექტიანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

EPAC 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს.