უცხოეთი
პუტინი: სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელების შეურაცხყოფა იყო!

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იყო, მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, იუწყება სააგენტო "რია ნოვოსტი".

 „ეს, უბრალოდ, ოდესელებისა და მთელი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფაა. მას სამუშაო ვიზაც კი არ მისცეს აშშ-ში. უნივერსიტეტებმა, სადაც მის დასაქმებას ცდილობდნენ, მისი მუდმივ სამუშაოზე აყვანა არ მოისურვეს. ხოლო ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შესრულება შეუძლია. რა, არ არიან წესიერი პროფესიონალები და ამ საქმის შესრულების უნარის მქონე უკრაინელები?“ — განაცხადა პუტინმა რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში – ფილმისათვის „უკრაინა ცეცხლში“.

 სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე განცხადება 7 ნოემბერს გააკეთა და თავისი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლა არ სურს.

 მან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დანაშაულებრივი „კლანების“ მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნას და უმაღლეს რადაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიღწევას აპირებს.