აქტუალური
პარლამენტის თბილისის შენობა: დეპუტატებმა კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თბილისის შენობაში (ამიერიდან ასე ეწოდება დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობას, სადაც კომიტეტების სხდომები ტარდება, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - საქინფორმი) კომიტეტების სხდომები გაიმართა. დეპუტატებმა კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს, მხოლოდ რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არ არის არჩეული.

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად “ქართული ოცნებიდან” - გედევან ფოფხაძე და რატი იონათამშვილი, ოპოზიციიდან კი გიორგი ტუღუში აირჩიეს (საქინფორმის მკითხველს შევახსენებ, რომ გიორგი ტუღუში სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს - სახალხო დამცველი, ასევე სასჯელარსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, როცა საქართველოს ციხეებში პატიმრების მასობრივი წამებები ხორციელდებოდა - საქინფორმი).

 იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს ვანო ზარდიაშვილი  “ქართული ოცნებიდან” და ნატო ჩხეიძე “პატრიოტთა ალიანსიდან”.

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად “ქართული ოცნებიდან” - ნინო გოგუაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი სალომე სამადაშვილი აირჩიეს.

 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად არჩეული არიან “ქართული ოცნებიდან” ბექა ნაცვლიშვილი, ირინა ფრუიძე და “ნაციონალური მოძრაობიდან” - გიორგი კანდელაკი.

 “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსი” მოთანამშრომლე პოლიტიკურ გუნდებად არიან წარმოდგენილი. ოპოზიციის წევრები სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე აკეთებენ აქცენტს.

 „სასამართლოს მდგომარეობა ამ 4 წლის განმავლობაში უკიდურესად დამძიმდა, ჩვენ თუ გავიხსენებთ ძაღლით მოსეირნე მოსამართლეებს, რომლებიც აცდენდნენ მნიშვნელოვან სხდომებს, ურთმელიძეს, რომელიც დედას უარყოფდა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას, ეს არის გამომწვევები, რომელზეც ვაპირებთ ვიმუშაოთ კომიტეტში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.