აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილმა ბენტონიტური თიხის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა

    საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. 30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში - შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამმუშავებელი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. საქვეყნო, მამულიშვილური საქმე - ასე შეაფასა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გერმანული წარმოების, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა და ინვესტორ გოჩა ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა.

  "ეს არის ყველაზე თანამედროვე საწარმო, რომელიც ეკოლოგიის კუთხით უმაღლესი სტანდარტით - გერმანული ტექნოლოგიით არის აწყობილი. ძალიან მახარებს, რომ ქართულ საწარმოს პირველად ექნება ფილიალი გერმანიაში და აქ წარმოებული პროდუქცია ათასამდე დანიშნულებით გამოიყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე 130-მდე ოჯახი მიიღებს შემოსავალს ამ საწარმოს შედეგად, ხოლო შემდგომში დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. "აწარმოე საქართველოში" ძალიან წარმატებული პროგრამაა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რა შეუძლია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორ თანამშრომლობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.