საზოგადოება
კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გასულ პარასკევს, 18 ნოემბერს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას გააკეთა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

 "მხარი დავუჭირე პრემიერმინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს.

 მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოს და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური კულტურები, სადაც კონსტიტუციონალიზმი იდეალურად ხორციელდება. ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია აქვს. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.