პუბლიკაციები
გვიჩიანი საპატიმროს ტოვებს – მერაბიშვილს, უგულავას და კოდუას ბრალი უმძიმდებათ

   ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას და ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდებათ. საქმე ეხება „ეი-ი-ეს“ თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის – გია გვიჩიანის უკანონო პატიმრობას. for.ge-ს ინფორმაციით, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება იმ ადამიანთა სახელები და გვარები, რომელთა მითითებით შეიქმნა და გაყალბდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე.

 გვიჩიანის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურამ საქმის მასალები გააცნო როგორც დაცვის მხარეს, ასევე დაზარალებულ მხარეს. როგორც ჭკადუა ამბობს, გარკვეული სახის ინფორმაციას ვფლობს, მაგარამ არა სრული სახით უკვე გამოყოფილ საქმეზე, სადაც გამოძიება მიმადინარეობს იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ამ საქმეში ირიბად თუ პირდაპირ გააყალბეს მტკიცებულებები.

 „საკმაოდ მოცულობითი საქმეა, დაკითხულია ასობით ადამაინი, ჩატარებულია სხვადასხვა ექსპერტიზები, რამაც მთლიანობაში პროკურატურა დაარწმუნა იმაში, რომ გია გვიჩიანი იყო უკანონო პატიმარი. მას შემედეგ რაც სასამართლო გაეცნობა პროკურატურის მიერ მიტანილ მტკიცებულებებს, მჯერა, რომ სასამართლო დარწმუნდება გვიჩიანის უდანაშაულობაში და ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს.

 საქმის მასალებს გაეცნო დაზარალებული, ნიკა ლომიძის მამა. მას მოუკლეს არაჩვეულებრივი შვილი და რეალური მკვლელები დაუსჯელები იყვნენ. ალბათ, ძალიან რთული იქნება ოჯახის გარადწმუნება, რომ დაიჯერონ სიმართლე, მაგრამ როდესაც ფაქტებს გაანალიზებენ ამაში დარწუმნდებიან. მათ უნდა მიიღონ პასუხი, ვინ არის მკვლელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უადანაშაულო ადამიანი ციხეში იჯდეს. ძალიან რთული ამოცანა აქვს გამოძიებას, რომ დაადგინოს ნიკა ლომინაძის მკვლელი, ოჯახი ნამდვილად იმსახურებს ამას“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.

 მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სამი სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის გახმაურებულ საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებულ პირთა განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა „თელასის“ ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულების – გიორგი და ნოდარ გვიჩიანების, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძის, გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ. ასევე, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების თამაზ გოგიას და კოდორში განვითარებულ მოვლენების დროს დაკავებული მსჯავრდებული ნორა კვიციანის მიმართ.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეში მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა აღნიშნული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვით – გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავეებად ნიკოლოზ ლომინაძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. მაშინ სასამართლომ უდავო ფაქტად მიიჩნია ის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობა მოხდა მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის იარაღით.

ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გამორიცხავს გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას – ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე. გარდა ამისა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ცალსახად უთითებენ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულების უდანაშაულობის შესახებ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, შესაბამისად გამოძიებისას ხელოვნურად შეიქმნა მთელი რიგი მამხილებელი მტკიცებულებები, რაც გიორგი გვიჩიანის, ნოდარ გვიჩიანის, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა. ხელახალი გამოძიებისას კი გამოვლინდა არაერთი გარემოება, რაც სასამართლოების განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან განსხვავებულ სურათზე მიუთითებს.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია საქმის მასალები და მტკიცებულებები, რომელმაც უტყუარად დაადსტურა, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობასთან ნიკა ჩემია და გია გვიჩიანი კავშირში არ არიან.

პროკურატურამ ეს დაამტკიცა, მასალები შეავსო და შეიტანა სააპელაციო სასამართლოში. 29 ნოებმბერს 13:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდობა, სადაც ყველა დაინახავს ამ მასალების რეალურობას. კერძოდ, იმ მოწმეების ჩვენებებს, რომლებმაც თვითონ შეკერეს ეს საქმე. ყველა დაინახვას, რომ წლების განმავლობაში ეს ადამიანები უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს.

დნმ არის ერთ-ერთი მტკიცებულება და არა ერთადერთი, რომლითაც დასტურდება, რომ გია გვიჩიანი არ არის მკვლელობასთან კავშირში. ბევრი სხვა მტკიცებულებაა, რომლებიც აჩვენებენ როგორ იკერებოდა ეს საქმე, მათ შორის იმ ადამიანების ჩვენებით, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ საქმის შეკერვაში და თავის ჩვენებაში ამას აღიარებენ“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გელანიკოლეიშვილმა.

კიდევ ერთი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს გახლავთ გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის, ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულის თამაზ გოგიას საქმე, რომელსაც 2010 წლის 13 აგვისტოს განაჩენით მკვლელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თამაზ გოგია მსჯავრდებულ იქნა 2009 წლის 11 ნოემბერს, მას ბრალად ედებოდა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მაყუჩიანი იარაღით, ჯერ თამაზ ნინუას, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით, მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობა.

თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც მთავარი მტკიცებულება გახდა თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის.

ახალი გამოძიების პირობებში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.

გარდა ამისა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.

ახლად გამოვლენილი გარემოებები გამოიკვეთა ნორა არღვლიანის საქმეზე. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე. 2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით შსს და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც იმყოფებოდა ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია.

მიუხედავად ამისა, გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა ნორა არღვლიანი დააკავეს. დაკავებიდან 2 დღის შემდეგ დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, არღვლიანის დაკავება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ მოხდა. მაშინ როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც ყველა მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების დარღვევის თაობაზე. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

როგორც ნორა კვიციანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი იყო, რომელსაც ყალბი გამოძიების შედეგად საპატიმროში წლები გაატარებინეს.

ბრალად მედებოდა იარაღის უკანონო შენახვა, უკანონო ფორმირებების შექმნა, ჰუმანიტარული დახმარების მითვისება, სახლის ჩხრეკის დროს სახლში იარაღი იპოვეს ისე, რომ მე ის არ მქონია. მითვისებას რაც შეეხება, ეს იყო სრული სიცრუე. მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი, რომელსაც კოდორის ხეობის ჩაბარების ინტერესი ჰქონდა, ეს იყო პოლიტიკური დაკავება. კოდორის სახლი დამიყადაღეს. ჩემი შვილის გულისთვის მე მძევლად ამიყვანეს 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ნორა კვიციანმა.