რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ხალხმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას, და არა გაუფასურებულ ლარს, ტექდათვალიერებას და თბილისიდან ქუთაისში მორბენალ პარლამენტარებს!

   გასული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო უკანასკნელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის მიმართ მოსახლეობაში დაგროვილი სიძულვილის გამო მოიგო. არგუმენტი - „სამაგიეროდ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, კაციჭამიები არ ვართ!“ - „ქართულმა ოცნებამ“  4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად გამოიყენა თავის სასარგებლოდ და მისი რესურსი მთლიანად ამოწურა.

 დიახ, არ შეიძლება, ნორმალურმა ხელისუფლებამ გამუდმებით იამაყოს, რომ კაციჭამია, ჯალათი, გარყვნილი, რეკეტირი და ხაზინის ქურდი არ არის! ამიტომ მომავალში თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს, უპირველესად, საკუთარ თავთან წააგებს და არა „ნაცმოძრაობასთან“, რადგანაც ივანიშვილის დაფუძნებულმა პარტიამ, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ებოძა, მინიმუმ, მშივრებისა და დაჩაგრულების გარეშე სახელმწიფო უნდა ჩაგვაბაროს, თანაც - რაც შეიძლება მალე.

 „ქართველები უმადურები ვართ და სულსწრაფები!“  - ეს მავნე სტერეოტიპი, რომელიც შეუმჩნევლად დაინერგა ქართველ საზოგადოებაში, სრულიად ლოგიკურ კითხვას აჩენს: რაში გამოიხატება ჩვენი უმადურობა და სულსწრაფობა?! აკი, შევეგუეთ, რომ „დამოუკიდებელი“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მართვა სხვა ქვეყნის კომპეტენციაშია დელეგირებული; 4 წელი ივანიშვილის პატივისცემით ვითმენდით „ნაცმოძრაობაზე“ შეუდარებლად ამაზრზენ პარტიებს მმართველ კოალიციაში, სამარცხვინო მინისტრებსა და პარლამენტარებს... უფრო მეტიც, დღემდე ვითმენთ პრეზიდენტს, რომლის შენახვა სააკაშვილის სასახლეში, „რუსთავი-2“-ში მოცეკვავე პირველ ლედისთან ერთად, ყოველთვიურად მილიონები გვიჯდება... „გადადგა, წააგო, წავიდა - შეერგოს!“ - ყველაფერი ჩავყლაპეთ და ხმა ისევ „ქართულ ოცნებას“  მივეცით, ოღონდ მეორედ - უკვე ავანსად!

 მაგრამ ვაი, რომ მოსათმენი ისევ გვაქვს: „არაფერიც არ გვეშველება!“ - ისევ ალაპარაკდა უკმაყოფილო ხალხი, როცა „ქართული ოცნების“ სიაში ძველი პარლამენტიდან გადმობარგებული არაერთი სამარცხვინო დეპუტატის გვარი წაიკითხა, რომლებიც კიდევ 4 წელი უნდა ვინახოთ. არანაკლები იმედგაცრუება გამოიწვია სიის ავანგარდში უცნობი და გამოუცდელი ან თანამდებობისთვის აპრიორი შეუფერებელი ადამიანების გვარებმა, როცა იმდენი პროფესიონალი პატრიოტი პარლამენტის გარეშე დარჩა...

 ქუთაისელების ხმები რომ არ დაგეკარგათ, პარლამენტი, დაპირების მიუხედავად, ისევ ქუთაისში დატოვეთ, მაგრამ თბილისს თუ ჰკითხეთ ამის თაობაზე, ძვირფასო ქვეყნის მბრძანებლებო? თბილისს, სადაც იმდენივე მოსახლეა, რამდენიც დანარჩენ საქართველოში?! იქნებ თბილისელების ხმები უკვე აღარ გჭირდებათ და დედაქალაქის გაბრაზებულ მკვიდრთაგან ქუთაისში დამალვა ამჯობინეთ?! აკი, ზუსტად ამ მიზნით გადაიტანა სააკაშვილმა პარლამენტი დედაქალაქიდან...

 დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, რომლის პარლამენტს ორ სხვადასხვა ქალაქში ორი უზარმაზარი შენობა უკავია -  ერთი სხდომების ჩასატარებლად და მეორე - კომიტეტებში სამუშაოდ! რატომ უნდა შეინახოს ქართველმა ხალხმა ორი შენობა და ქუთაისში მორბენალი პარლამენტარები, რატომ უნდა გასწიოს მათი ავტომანქანებით მოგზაურობისა თუ სასტუმროს ხარჯები?

 ისიც საკითხავია, რატომ არ გაგახსენდათ უზარმაზარი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობა, სანამ ლარი 16 წლის წინანდელ ნიშნულზე არ დააგდეთ?! ჯერ გვარწმუნებდით, რომ ლარი კი არ უფასურდება, არამედ... მყარდება, თანაც „ცურვას“ სწავლობს! მაგრამ როცა „მოცურავე“ ლარმა „ჩაძირვა“ განაგრძო, უკვე მომავალი წლის ბიუჯეტით დაგვაიმედეთ, სადაც ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებდით და ლარიც დასტაბილურდებოდა... მერე უპერსპექტივო  „დედოლარიზაციაზე“ ალაპარაკდით, თვით რუსეთს და ჩინეთს რომ არ გამოსდით, რომლებსაც საქართველოსთან შეუდარებელი მასშტაბების ეკონომიკა გააჩნიათ.

 მოდით, ხმამაღლა ვიკითხოთ: შეიძლება, სახელმწიფოში ეროვნული ვალუტა კატასტროფულად უფასურდებოდეს ერთი კერძო ბანკის ერთი ტრანზაქციის გამო?! რატომ უცებ მიჩუმდა ლაპარაკი „თიბისი  ბანკის“ მიერ «Societe Generale Group»-ისგან „რესპუბლიკა ბანკის“ 121 მილიონ ევროდ ყიდვაზე, რატომ აღარ ადანაშაულებთ მამუკა ხაზარაძეს ეროვნული ვალუტის კუპონიზაციაში?! შემთხვევით, „ანაკლია ჰოლდინგის“ ამერიკელი პარტნიორის გაბრაზების გამო ხომ არა?!

 ტყუილად კი არ ლაპარაკობდა ზურაბ ჟვანია „პაბლიკ რილეიშენზე“ (public relations, PR), რაც საზოგადოებასთან საჯარო ურთიერთობ ნიშნავს. სხვათაშორის, ეს ხელოვნება საუკეთესოდ აითვისა მიხეილ სააკაშვილმა. აბა, დააკვირდით: ლარის მყარი მაღალი კურსი დოლართან მიმართებაში, უწყვეტი ელექტრომომარაგება და გაუქმებული ტექდათვალიერება - ამ პოპულარული ნაბიჯების რესურსით მან 9 წელი გაძლო ხელისუფლების სათავეში, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვის, ასი ათასობით ლტოლვილისა და პატიმრის  მიუხედავად! დიახ, ამ პოპულარული ნაბიჯების და თუნდაც იუსტიციის სახლების შემოღების ინერციით სააკაშვილი დღემდე იქნებოდა ხელისუფლების სათავეში, ბიძინა ივანიშვილი რომ არა...

 სტალინსაც კარგად ესმოდა „პაბლიკ რილეიშენზის“ ხელოვნების მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ „კმარას“ და სოროსის საწვრთნელი  პიარ-ბანაკები არ გაუვლია: როცა ხალხის მტრებს ხვრეტდნენ, მეორე დღესვე მაღაზიებში პროდუქტი იაფდებოდა...

 ძვირფასო „ქართულად მეოცნებეებო“! როგორ დაუშვით ეროვნული ვალუტის კურსის არნახული ვარდნა, როცა საპარლამენტო არჩევნები ჯერ დამთავრებულიც კი არ იყო, მითუმეტეს, მას მერე, რაც ქართველი ხალხი გენდოთ?! მაშინ რა გამოდის - ეროვნული ბანკის ნაციონალ პრეზიდენტ ქადაგიძეს ტყუილად ვადანაშაულებდით და ის მართლაც საუკეთესო, მსოფლიო დონის ბანკირი ყოფილა?!

 ან კიდევ: როცა ახალი პარლამენტი ჯერ შენობაშიც კი არ იყო შესული, როგორ შეიძლებოდა სააკაშვილის მიერ გაუქმებული ავტოტექდათვალიერების აღდგენაზე ხმის ამოღება?! ვინ „ჭამს“ ზღაპრებს, რომ საქართველოში, სადაც თითზე ჩამოსათვლელი საწარმოებია, ჰაერი, თურმე, იმდენად დაბინძურებულია, რომ ბავშვები კიბოთი ავადდებიან?!

 საქართველოში ჰაერიც და წყალიც ისეთია, როგორიც საუკეთესო ევროპულ კურორტებზე - გაეცანით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებას! - ამიტომაც ჩამოდის აქ მილიონობით ტურისტი! ან რა გვაქვს ევროპული - ხელფასები, პენსიები, ჯანდაცვა, გზები, ავტომომსახურება, საწვავი თუ პარკინგი, რომ ევროპული ავტოტექდათვალიერება მოინდომეთ?!

 დათვალიერების საფასურის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ისევ ხალხის ჯიბიდან, უზარმაზარი თანხები უნდა დახარჯოთ, რომ ტექდათვალიერების ჩასატარებლად ევროპული კომპანია დაპატიჟოთ, რადგანაც აქაურების ნდობა, თურმე, არ შეიძლება - ქართველები კორუმპირებულები და  ბუნებით მექრთამეები ვყოფილვართ!

 არადა, გადახედეთ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას, ერთ-ორ ავარიაზე მეტს თუ იპოვით ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის გამო...

 და ნუ გვაბოლებთ, რომ მანქანები ბოლავს - ასეთები ქალაქში საგრძნობლად მცირეა და თვალითაც შეიმჩნევა, ყოველგვარი ტექდათვალიერების გარეშე! ჰოდა, დაევალოს პატრულს მათი დაჯარიმება! ძირითადად, ეს კერძო კი არა, სახელმწიფო ავტოტრანსპორტია - სატვირთო და მუნიციპალური ავტობუსები - ამორტიზებული ყვითელი „სანდრობუსები“!

 ცნობისთვის: ავტომობილის თეთრი ბოლი წყლის ორთქლია, რომელიც მავნე არ არის - ის ან ტემპერატურის ცვლილების გამო მაყუჩში შეგროვილი კონდენსატია, ანდა გამაგრილებელი სისტემიდან ძრავაში (გაბზარული „პრაკლადკიდან“ ან ძრავის „ბლოკის“ მიკრობზარებიდან) გაპარული ანტიფრიზნარევი წყალი!

 აი, შავი ბოლი კი დამწვარი ზეთია, რომელიც წვის კამერაში სარქველების გაფართოებული „სალნიკებიდან“ ან გაცვეთილი „პორშ-კოლცოებიდან“ იპარება. მაგრამ იდიოტი უნდა იყო, რომ ყოველდღიურად ლიტრობით ზეთს ყიდულობდე დასამატებლად, როცა სულ რაღაც 300 ლარად ავტობაზრობაზე უცხოეთიდან ჩამოტანილი ავტომობილებიდან ე.წ. „ცხვირებიდან“ ან დასაშლელად ჩაბარებული მანქანიდან ამოღებულ ძრავას შეიძენ!

 ცალკე თემაა საქართველოს ავტოსერვისებში კუსტარულად დამზადებული მაყუჩი („გლუშიტელის“ შუა „ბაჩოკში“ ცეცხლგამძლე ბამბაში შეხვეული ნასვრეტებიანი რკინის მილების ჩადუღება, რომელიც კარგად ასრულებს კატალიზატორის როლს და ძრავის ხმასაც აქრობს). არადა, თურქეთიდან შემოტანილი უხარისხო კატალიზატორების (რომლებიც სწრაფად იჭედება და იფშვნება!) კუსტარული დაყენება, მინიმუმ, 500 დოლარი ჯდება, რაც ორმაყუჩიანი ავტომანქანების მფლობელებისათვის ორჯერ ზრდის დანახარჯს (ცნობისათვის: ორიგინალი ევროპული კატალიზატორები - 400 ევრო, ხოლო მთლიანად მაყუჩები 1200 ევრო ღირს, თანაც ევროპაში კატალიზატორებს არავინ ცვლის - ცვლიან მთლიანად მაყუჩს).

 ეს ნიშნავს, რომ ავტომანქანების 70%, რომელთა ღირებულება ბევრად როდი აღემატება კატალიზატორისა და მისი მონტაჟის ზემოთ მოყვანილ ფასს, იძულებით გაჩერდება, რაც ავტომფლობელთა მკვეთრ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს კი ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ასობით ათას ამომრჩეველს დაკარგავს და დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს თუნდაც უვარგისი სააკაშვილის ფარულ ნოსტალგიას გაუჩენს - ის ხომ თავისი პრეზიდენტობის დროს პოპულარული იყო სწორედ ტექდათვალიერებისა და სახელმწიფო ავტოინსპექციის გაუქმების წყალობით!

 მალე ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებია და ვინც ივანიშვილს ეს პროვოკაციული რჩევა მისცა, მისი და „ქართული ოცნების“ უპირველესი მტერია! ლარის კურსს ვერ დაასტაბილურებს ვერც კატალიზატორების რეალიზაციიდან და ვერც ტექდათვალიერებისა თუ ჯარიმებისგან შემოსული თანხები, ამიტომ ახალმა, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ეს ნორმა სასწრაფოდ უნდა გააუქმოს.

 კვირიკაშვილის მთავრობა სავალდებულო ავტოტექდათვალიერების შემოღებას ან გადაიფიქრებს, როგორც ღარიბაშვილის მთავრობამ 2014 წელს გადაიფიქრა, ან გადაჰყვება, რადგანაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცაქართულ ოცნებას, და არა გაუფასურებულ ლარს, მამუკა ხაზარაძის გამდიდრებას, ავტოტექდათვალიერებას და თბილისიდან ქუთაისში მორბენალ პარლამენტარებს!

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 21 ნოემბერი
გაზეთი “ასავალ - დასავალი“ №47