რელიგია
ე.წ. აფხაზეთის ეკლესია – „ტროას ცხენი” – საერთაშორისო საეკლესიო პოლიტიკაში

   საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი.
ა.წ. 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე, – ქართულ–აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.

გთავაზობთ ერთ-ერთი მომხსენებლის ტექსტს მცირედი შემოკლებით.

ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა გამომსვლელთა მოხსენებებიც.

ე.წ. აფხაზეთის ეკლესია – „ტროას ცხენი” – საერთაშორისო საეკლესიო პოლოტიკაში

 ქეთევან პავლიაშვილი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ქრისტიანულ სამყაროში დღესდღეობით 15 ადგილობრივი ავტოკეფალური სტატუსის მატარებელი ეკლესიაა, რომელთა იურიდიულ მფლობელობაშია „კანონიკური ტერიტორიები”. საუკუნეთა მანძილზე მკაცრად დადგენილი საეკლესიო კანონმდებლობით ეკლესიებს ეკრძალებათ ერთმანეთის ტერიტორიებზე უფლებამოსილების განვრცობა. აღნიშნული ქმედება საეკლესიო კანონიკით განხეთქილებად კვალიფიცირდება. ამ მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე პრობლემები ბუნებრივად ბადებს კითხვას – როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება და ეკლესია, თუ სამღვდელოებასა და მრევლს არ გააჩნია თავისი კანონიკური საეკლესიო ხელისუფლების აღიარების ნება?

თანამედროვე ეტაპზე, მართლმადიდებლურ სამყაროში ამგვარ „ურჩ” და „სადაო” ეკლესიათა შორის მოიაზრება მაკედონიის ეკლესია, რომელიც სერბეთის ეკლესიას 40 წლის წინ გაემიჯნა, მაგრამ ბელგრადის პატრიარქი მაკედონიას დღემდე კუთვნილ „კანონიკურ ტერიტორიად” მიიჩნევს; ანალოგიური ვითარება შეიქმნა იუგოსლავიის დაშლის დროს წარმოშობილ ჩერნოგოროდის ეკლესიის ირგვლივ; კვლავინდებურად, არ ცხრება დაძაბულობა უკრაინაშიც, სადაც მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული „კანონიკური” ეკლესიის გვერდით მოქმედებს კიევის საპატრიარქო; მოლდოვეთში ერთდროულად ორი საეკლესიო ხელისუფლებაა: მოსკოვის საპატრიარქოსა და რუმინეთის ეკლესიის იურისდიქციის სახით (11;25); ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე სადაო სუბიექტია კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის.

აღნიშნულმა გარემოებამ განსაკუთრებული სიმწვავით იჩინა თავი დაშლილი საბჭოთა იმპერიის ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებში, რომელთა შორის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიაც აღმოჩნდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ეკლესიებს დამოუკიდებლობის სურვილი გაუჩნდათ. ასეთთა შორის ე.წ. აფხაზეთის ეკლესიაცაა; უნდა აღინიშნოს, რომ საქრისტიანო ისტორია არ იცნობს აფხაზური ეკლესიის ფენომენს და ის საისტორიო წყაროების თანახმად საქართველოს სახელმწიფოს და მისი ეკლესიის შემადგენელ ნაწილად სახელდება.

საბჭოთა იმპერიის დაშლამ და ერთა თვითგამორკვევის რთულმა პროცესმა ხალხებში სეპარატიზმი გააღვივა და შესაბამისი საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლებიც გაშალა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისათვის საეკლესიო პრობლემად ჩამოყალიბდა აფხაზეთის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა. ამ პროვოკაციული მოვლენის შემომქმედად მოიაზრებიან როგორც „გაურკვევლობაში” მყოფი აფხაზეთის საზოგადოება, ისე ამ „გაურკვევლობით” დაინტერესებული დიდი ეკლესიების სამკუთხედი – ვატიკანის, რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების სახით. თავის მხრივ, აქტიურობს აფხაზეთის საეკლესიო ტერიტორიების კანონიკური მემკვიდრე – საქართველოს ეკლესიაც. ამრიგად, საერთაშორისო საეკლესიო ასპარეზზე აფხაზეთის ეკლესიის „ტროას ცხენად” გარდაქმნისათვის ერთმანეთს ებრძვიან დიდი ეკლესიები. ეს ბრძოლა ორი ათეული წელია მიმდინარეობს და აფხაზეთის საეკლესიო საკითხი ისევ პრობლემად რჩება.

საეკლესიო ძალთა გადანაწილების მებრძოლებისათვის აფხაზეთის საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხი „საჯილდაო ქვად” იქცა, თუმცა, ამავდროულად, ისინი თეორიულად აღიარებენ აფხაზეთის ეკლესიის საქართველოს ეკლესიის ისტორიულ კუთვნილებად. ბუნებრივია, პრობლემა ამით არც ერთი მხარისათვის არ გვარდება, რადგან აფხაზეთის საზოგადოებას ამ საკითხში საერთო პოზიცია არ გააჩნია. საზოგადოების დიდი უმრავლესობა საქართველოს ეკლესიასთან ერთობის წინააღმდეგია.

2013 წლიდან აფხაზეთში ერთდროულად ორი ეკლესია ფუნქციონირებს: სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქია სამღვდელოების ძველი თაობის წარმომადგენლის – ბესარიონ აპლიას მწყემსმთავრობით და მოსკოვის საპატრიარქოს პატრონაჟით, და ე.წ. „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტო”, რომლის საკათედრო ტახტი ახალი ათონის სიმონ კანანელის ტაძარია და, რომელსაც ხელმძღვანელობენ ახალი თაობის წარმომადგენლები-დოროთე დბარი და ანდრია ამპარი. ამ თაობის სახელს უკავშირდება ავტოკეფალიის საკითხის დაყენება, მოსკოვის საპატრიარქოსგან გამიჯვნა და „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს” დაარსება.

პოლიტოლოგების და საეკლესიო ექსპერტების აზრით, აფხაზეთის საეკლესიო საკითხი იმთავითვე გასცდა საეკლესიო პრობლემატიკის საზღვრებს, ღრმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და აფხაზეთში ახალი იდენტობის ძიების პროცესს დაუკავშირდა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ აფხაზეთის ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ასახვას ჰპოვებს აფხაზეთის საზოგადოების მდგომარეობაზე, რომელთა საზოგადოებრივი მოთხოვნები ფოკუსირებულია საკუთარი სოციოკულტურული გარემოს შექმნაზე. აქედან გამომდინარე, ისინი ორიენტირებულები არიან ევროპის სამღვდელოებასთან ინტეგრირებაზე და აფხაზი სამღვდელოების ახალი თაობაც ავტოკეფალიის საკითხში დახმარებისათვის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიმართავს, ძველი თაობა კი ამ გზას მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთობაში ხედავს. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო ისტორიაში ანალოგი მოიძიება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური და მოსკოვის საპატრიარქოსგან მართული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სახით.

აფხაზეთის საეკლესიო კონფლიქტის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს პოლიტოლოგი გ.კალატოზიშვილი: „ახალი თაობა ეწევა ფრთხილ დიპლომატიურ თამაშს, რათა საეკლესიო საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის პოზიციის გაძლიერების მთავარი ფაქტორი გახდეს. მათი აქცენტი საგარეო პოლიტიკაზეა, როგორც „ევროპული ვექტორის” გაძლიერების ძირითად ფაქტორზე”. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კითხვაზე – ვინ არის აფხაზეთის პროცესებში კატალიზატორი, – სამღვდელოების ძველი, თუ ახალი თაობა? პასუხი ნათელია, – აფხაზეთში მიმდინარე იდენტობის პროცესი ორიენტირებულია ევროპის ქრისტიანულ ღირებულებებზე.

ავტოკეფალიის იდეის ფესვები აფხაზეთში საძიებელია საქართველო-აფხაზეთის ომის დასრულებიდან, რომელმაც აქტიური ხასიათი შეიძინა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დასრულებისას. როგორც ცნობილია, 2008 წელს რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მისი სტატუსი მართლმადიდებლურ სამყაროში დღემდე განუსაზღვრელია. ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭებაზე აფხაზეთის პრეზიდენტებმა-არძინბამ და ანქვაბმა ოფიციალური წერილებით მიმართეს მოსკოვის საპატრიარქოს, მაგრამ მათ მცდელობას რუსეთის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია; ამასობაში კი, აფხაზეთის ეკლესიაში განხეთქილება მზადდებოდა. განხეთქილების პირველ მცდელობად კვალიფიცირდება ახალი თაობის: დოროთეს, პალადის, დოლმატის (გოპრა), მათეს (ტუჟბა) და ნიკიტას (ადლეიბა) საიდუმლო მიმართვა 2009 წლის აპრილში მოსკოვის პატრიარქისადმი. თხოვნა ითვალისწინებდა აფხაზეთის ეკლესიის ეტაპობრივად შესვლას რუსეთის ეკლესიაში; მიმართვაში არ დაფიქსირდა ავტოკეფალიის მოთხოვნა. რუსეთისაგან უყურადღებობის მიზეზით სამღვდელოების ახალმა თაობამ თვითნებურად დაიკავა ახალი ათონის მონასტერი და ძველი თაობის სამღვდელოებას იქ მღვდელმსახურება აუკრძალა. ამ ფაქტს უკავშირდება პირველად ავტოკეფალიის საკითხის დაყენება, როდესაც 2011 წლის მაისში „საეკლესიო-სახალხო კრებამ” ახალ ათონში ერთხმად მიიღო ავტოკეფალიის მოთხოვნის გადაწყვეტილება და დააარსა „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტო.” აღნიშნული გადაწყვეტილებით აფხაზეთში უკვე სახეზე იყო საეკლესიო განხეთქილება. ამ ფაქტის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება იმთავითვე დაიწყეს დიდმა ეკლესიებმა და ის საერთაშორისო ასპარეზზე „ტროას ცხენად” გამოიყენეს. გარე ძალამ სააშკარაოზე გამოიტანა განხეთქილების შემტანი „პროდასავლური” მიდრეკილების თაობა და აფხაზეთის შიდასაეკლესიო საქმეს საეკლესიო სამკუთხედის წევრებმა საერთაშორისო სკანდალის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ,,საერთაშორისო სკანდალში” გახვეულ აფხაზ სამღვდელოებას ისღა დარჩენოდა საკუთარი პოზიცია გამოეკვეთა, რაც ბუნებრივად სამკუთხედის წევრებს ერთმანეთს დაუპირისპირებდა. ამ შემთხვევაში განაწყენებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსკოვის საპატრიარქო და „ცივი ომის” დასაწყისიც სახეზე იყო.

საქართველოსა და კონკრეტულად აფხაზეთის მიმართ ვატიკანის პოლიტიკურ-საეკლესიო ინტერესებზე უამრავი ისტორიული წყარო თუ მონოგრაფიული გამოკვლევა იუწყება. საბჭოთა იმპერიის დაშლამ, მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების მსგავსად, ვატიკანიც გაააქტიურა. საკუთარი ინტერესების რეალიზებისათვის, ვატიკანმა დაიწყო აფხაზეთის საეკლესიო პრობლემით მანიპულირება და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა. 2005 წელს აფხაზეთს პირველად ესტუმრა რომის პაპის ნუნციო-გუჯეროტი, რომელსაც ახალი თაობა მოსკოვის საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად შეხვდა. ამ შეხვედრით კმაყოფილმა ნუნციამ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ რუსეთის საეკლესიო მაღალი იერარქია უარყოფდა ვატიკანის კეთილ დამოკიდებულებას, დაბალი სამღვდელოება და მრევლი კათოლიკურ წარმომადგენლობას სიხარულით ხვდებოდა. ვატიკანისადმი პროტესტის ნიშნად, მოსკოვმა ახალი თაობის სასულიერო წევრთ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. 2008 წლის 21 დეკემბერს კლაუდიო გუჯეროტის აფხაზეთში ვიზიტი განმეორდა. მან აფხაზეთის კათოლოკურ მრევლს წინამძღვრად წარუდგინა ჯერი პილასი, რომელმაც აღნიშნა ვატიკანის პატივისცემა აფხაზეთის ისტორიისადმი, მრევლს დაპირდა ფინანსურ დახმარებას ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში, მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლა-განათლების დაფინანსებას ვატიკანისა და გენიუს არქივ-საცავებსა და სასულიერო სასწავლებლებში. ვატიკანის გააქტიურებას მოჰყვა რუსეთ-ვატიკანის არქიელთა შეხვედრები, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა მოსკოვის პროტესტი ვატიკანის ინტერესებისადმი კავკასიაში.

აფხაზეთის ეკლესიისადმი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ისტორიულ ინტერესებზე უამრავი საისტორიო წყარო მეტყველებს. მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წარმოებულ „საეკლესიო თამაშებში” აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და აფხაზეთის სამღვდელოთა ახალი თაობა ამ ინტერესების განხორციელების იარაღად გამოიყენა. როგორც სათანადო დოკუმენტები იუწყებიან, 2006 წლიდან აფხაზეთის ახალგაზრდა სასულიერო კადრი განათლებას საბერძნეთის სასულიერო სასწავლებლებში იღებდა, სადაც ხდებოდა მათი სამეცნიერო კადრად ჩამოყალიბება და სასულიერო ხარისხში აყვანა. სამშობლოში დაბრუნებული ეს კადრი ბუნებრივად ვეღარ დააკმაყოფილებდა რუსული ეკლესიის ინტერესებს. თავის მხრივ, რუსეთის სასულიერო სასწავლებლებშიც იღებდნენ განათლებას აფხაზი მომავალი სამღვდელოების წარმომადგენლებიც; პარალელურად, მოსკოვი აფხაზეთის ეკლესია-მონასტრებში განაწესებდა რუს სამღვდელოებას, რაც ადგილობრივი კადრის შევიწროვების ხარჯზე ხდებოდა. აღნიშნული გარემოება აფხაზეთის სამღვდელოების უკმაყოფილებას იწვევდა და შიგნით სამღვდელოებას ერთმანეთს უპირისპირებდა. 2013 წლისათვის სახეზე იყო აფხაზეთის სამღვდელოებაში განხეთქილება. ისინი საწინააღმდეგო აზრის გამო ორად გაიყვნენ: მოსკოვის საპატრიარქოს „რჩეულებად” და „ევროპული” ორიენტაციის მატარებლებად. მათი საერთო პოზიცია ავტოკეფალიის მიღწევაშია, სხვაობა კი მდგომარეობს პრობლემის დაძლევის გზებსა და მეთოდებში: ერთნი ამ გზას მოსკოვის საპატრიარქოში ხედავენ, მეორენი კი – კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. განდგომილთა არგუმენტაციაა მოსკოვის საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული ორმხრივი საეკლესიო იურისდიქციის უარყოფა, რომლის არსი მდგომარეობდა აფხაზეთის ეკლესიის მართვაში ერთდროულად ორი ეკლესიის მიერ, კერძოდ საქართველოს ეკლესიის მმართველობაში დარჩებოდა კანონიკური ტერიტორიები, ხოლო ადმინისტრაციულ საქმეს გაუძღვებოდა მოსკოვის საპატრიარქო. აღნიშნულ ფაქტს ანალოგი მოეძებნება ჩრდილო საბერძნეთის ეკლესიის ცხოვრებაში, სადაც ეკლესია არის მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში და ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის ადმინისტრაციულ მმართველობაში; ფაქტობრივად, ჩრდილო საბერძნეთის ეკლესიას ორი გარე ეკლესია მართავს, რაც საეკლესიო კანონმდებლობით უპრეცენდენტო შემთხვევაა. მმართველობის ეს არაკანონიერი ფორმა შესთავაზა აფხაზეთის ეკლესიას მოსკოვის საპატრიარქომ.

აფხაზეთის საეკლესიო საკითხი სერიოზულ შიდა და გარე საფრთხეს წარმოადგენდა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის. შექმნილი მძიმე გარემოება საერო ხელისუფლების მკვეთრი პოზიციის გამოხატვას ითხოვდა, რაც გამოვლინდა კიდეც პრეზიდენტ ალ.ანქვაბის სიტყვით გამოსვლაში 2013 წლის მაისის აფხაზეთის მეორე ჰუმანიტარულ ფორუმზე: „სამღვდელოების ახალი თაობა ავტოკეფალიის აღდგენაში დახმარებას ეძებს კონსტანტინოპოლში, მეორე ნაწილს სხვა გზა აქვს. ჩვენგან შორს არის კონსტანტინოპოლი. ჩემი აზრით, ეს მისია უნდა იტვირთოს მოსკოვის საპატრიარქომ”.

ამრიგად, აფხაზეთის ხელისუფლებამ მკაფიოდ დააფიქსირა პრორუსული არჩევანი და შესაბამისად, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ე.წ. ახალი ათონის კრება, ახალი თაობის „პროდასავლურობა,” რასაც სამშობლოს ღალატისა და რუსეთთან დაპირისპირების მცდელობის კვალიფიკაცია მისცა.

ამ მხრივ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა რუსეთში აღმოსავლეთის პარტნიორობის ინსტიტუტის დირექტორმა ავრომ შმულევიჩმა: „აფხაზებს არც მოსკოვი და არც კონსტანტინოპოლი არ მისცემს ავტოკეფალიას. თეორიულად ის შეიძლება მისცეს თბილისმა, – მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ, რადგან აფხაზებზე გავლენა არ გააჩნიათ. ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთის საკითხს მიეცემოდა მოულოდნელად ახალი დინამიკა, რომელიც მისაღები იქნებოდა აფხაზებისთვისაც. სამწუხაროდ, ესეც არარეალურია, რადგან არც აფხაზების და არც ქართველების პოლიტიკურ და საეკლესიო ელიტას საამისო თამაშისათვის არ გააჩნიათ არც კრეატივი და არც ინტელექტუალური ძალა”.

აფხაზეთის ხელისუფლებისა და სამღვდელოებისათვის ნათელი იყო, რომ მათი ეკლესია მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესებში „სააზროვნო მონეტად” იქცა დიდ სახელმწიფოთა და ეკლესიათა ინტერესებში და აფხაზეთიც იმთავითვე თავისივე სტატუსის ტყვედ იქცა. აღნიშნული გარემოება აფხაზეთის „პროდასავლური” საეკლესიო ძალების მოსკოვის საპატრიარქოსადმი ანტაგონიზმს აღრმავებდა. თავის მხრივ, მოსკოვის საპატრიარქო აგრესიული პოლიტიკის გამართლების რეჟიმში მოქმედებდა. რუს საეკლესიო ექსპერტებს არგუმენტად მოჰყავდათ საქართველოს ეკლესიის რეაქცია – „ასიმეტრიული პასუხი” რუსულ საეკლესიო პოლიტიკაზე, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ „საჭირო” დროს საქართველოს საპატრიარქო მხარს დაუჭერდა სხვა „სადაო” ეკლესიების პოზიციას ავტოკეფალიის მიღებაში. ამ შემთხვევაში, იგულისხმებოდა უკრაინის საეკლესიო პრობლემა. რუსი სასულიერო პირი ა.კურაევი აღნიშნავს: ,,რთული ვითარებაა, მაგრამ უნდა ვიქონიოთ ღვთის იმედი, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს საქართველოს ეკლესიაში და რაღაც რუსეთის ეკლესიაში,…მარადიული კონფიგურაციები არ არსებობს”.

დროთა ვითარებაში, ”ცივი ომი” მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ღრმავდება, რაც აფხაზეთის საზოგადოებას ღრმა კვალს ამჩნევს და მართლმადიდებლურ სამყაროს უპირისპირებს, – ჰქმნის სერიოზულ საფრთხეს მართლმადიდებლურ ეკლესიათშორისი განხეთქილების წარმოქმნაში. საერთაშორისო საეკლესიო ექსპერტების მიერ კონსტანტინოპოლის პოზიცია შეფასებულია „აფხაზეთის ევროპულ ვექტორად,” რომლის მიზანია მისი საეკლესიო გავლენის გაფართოება, რაც ვლინდება მისი კონტროლირებადი აფხაზი მღვდელმთავრის ხელდასხმაში. მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესები კი სრულიად აფხაზეთის საერო და საეკლესიო შერწყმაა რუსეთის ფედერაციასა და ეკლესიაში. ”პრორუსული” აფხაზი სამღვდელოებისათვის მსოფლიო საპატრიარქოს ინტერესები „ათონური მიტროპოლიის” შექმნას უკავშირდება და, როგორც ბესარიონ აპლია აღნიშნავს: ,,ეკლესიას ავტოკეფალიის მიღწევა არ სჭირდება. რაც შეეხება ნაციონალურ დამოუკიდებლობას, ყველა ეკლესია ნაციონალურად ისედაც დამოუკიდებელია. მართლმადიდებლურ კანონიკაში ამ მხრივ არ არის პრობლემა”.

ზემოაღნიშნული ბუნებრივად ბადებს კითხვას – არსებობს თუ არა აფხაზეთის საეკლესიო პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა? დღესდღეობით, აფხაზეთის ავტოკეფალიის პროცედურის წარდგინება მართლმადიდებლურ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ადგილობრივი ეკლესიების შეთანხმების გარეშე საეჭვოდ გამოიყურება.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ავტოკეფალია-ავტონომიის საკითხის გადაწყვეტილება მსოფლიო საეკლესიო კრების, ან მსოფლიო პატრიარქის პრეროგატივაა, რასაც მხარს უჭერენ ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კვიპროსის ეკლესიები; განსხვავებული აზრი აქვთ: რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის და სერბეთის ეკლესიებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს კომპეტენცია დედა-ეკლესიას ეკუთვნის.

თეოლოგ ლ.აბაშიძის აზრით: „ყველაზე ძლიერი ეკლესიები, თუ გავითვალისწინებთ მათი გავლენის მასშტაბებს. არიან რუსეთის და მსოფლიო ეკლესიები. მათი ინტერესები ბევრ საკითხში თანხვედრი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკლესიას რეალურად არ შეუძლია აფხაზეთში შესვლა, საუბარია იმაზე, ვინ უხელმძღვანელებს მრევლს. ჩემი აზრით, საქართველოს ეკლესიისათვის უკეთესი იქნება, თუ ამას გააკეთებს კონსტანტინოპოლი”.

ასეთ აზრთა სხვადასხვაობის გარემოში, დასაშვებია პროცესები უმართავი გახდეს და საქმე დიდ სქიზმამდე, მართლმადიდებლურ ეკლესიათა ურთიერთდაპირისპირებამდე მივიდეს. დროთა ვითარებაში, ეკლესიათა ურთიერთობაში საეკლესიო კონფლიქტური საკითხები „გორდიის კვანძად” იქცა; ძველ კონფლიქტებს, ესტონეთის საეკლესიო განხეთქილებას, დასავლეთევროპის საეგზარქოსოს საკითხს დაემატა აფხაზეთის და ჩეხეთის საეკლესიო პრობლემებიც. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მცდელობები ბიზანტიის პენტარქიის – „ხუთი მთავარი” ეკლესიის იდეის განხორციელებაზე სულ უფრო აქტიურ სახეს იძენს. აღნიშნული კი უკიდურეს რეაქციას იწვევს რუსეთის საეკლესიო იერარქიაში, რამეთუ „მთავარ” ეკლესიათა მოდელში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მოიაზრება.

მსოფლიო წინასაეკლესიო კრებამ ვერ გადაწყვიტა ზოგადად ავტოკეფალიის მინიჭების წესი, მით უფრო თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ეკლესიათა პრობლემის გადაჭრის საშუალებები. უკანასკნელ წლებში, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკათა ეკლესიებს დიდი სურვილი გაუჩნდათ საეკლესიო დამოუკიდებლობაზე. ისინი არ ითვალისწინებენ საყოველთაო საეკლესიო კანონმდებლობას, ეურჩებიან დედა-ეკლესიებს და მათ მეტოქე ეკლესიებად მოიაზრებენ; შესაბამისად, მათდამი ანტაგონისტურ დამოკიდებულებას ავლენენ. ასეთ დამოკიდებულებას ხელს უწყობს გარე საეკლესიო ფაქტორი და ე.წ. ,,მცირე ეკლესიებს” წაახალისებენ „დიდი ეკლესიები” საეკლესიო კანონიკის დარღვევისაკენ შეფარვითი მოწოდებით; საკუთარი ქმედებების მაგალითებით, სხვისი ეკლესიების შიდა საქმეებში ჩარევით, ორი ეკლესიის ერთდროული მმართველობის დადგინებით, ,,კანონიკური ტერიტორიების” მიტაცებით და ა.შ.