საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი.
1. დღეს ოჯახის ინსტიტუტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ისეთი მოვლენების გამო, როგორიცაა გაამქვეყნიურება და ზნეობრივი რელატივიზმი. ქორწინების სიწმინდე მტკიცდება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც მისი ფუნდამენტური და უცილობელი სწავლება; თავისუფალი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის მიიჩნევა ქორწინების აუცილებელ წინაპირობად.
2. მართლმადიდებელ ეკლესიაში ქორწინება განიხილება, როგორც საღვთო სამართლის უძველესი ინსტიტუტი, რამდენადაც იგი დადგენილ იქნა პირველი ადამიანების, ადამისა და ევას, შექმნის თანადროულად (დაბ. 2:23). ეს კავშირი იმთავითვე ითვალისწინებდა მეუღლეებს – ქალსა და მამაკაცს შორის სულიერ ერთობას, ასევე, ადამიანთა მოდგმის გაგრძელების დაცულობას. ამგვარად, სამოთხეში ქალისა და მამაკაცის კურთხეული ქორწინება დადგინდა, როგორც წმინდა საიდუმლო, რაც იხსენიება ახალ აღთქმაში, გალილეის კანას ქორწილში აღსრულებული სასწაულის აღწერისას, როდესაც ქრისტემ აღასრულა „პირველი სასწაული”, წყლის ღვინოდ გადაქცევისას, და „გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი“(იოან. 2:11). მამაკაცსა და ქალს შორის დაურღვეველი კავშირის საიდუმლო მიჩნეულია ქრისტესა და ეკლესიის ერთობის სახედ (ეფეს. 5:32).
3. ქორწინების საიდუმლო ქრისტეცენტრული ხასიათით განიმარტება, თუ რატომ აკურთხებს ეპისკოპოსი ან მღვდელმსახური ამ წმინდა კავშირს სპეციალური ლოცვით. სწორედ ამიტომ წმ. პოლიკარპე სმირნელისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი შენიშნავს, რომ ქორწინებითი ერთობის მსურველები ეპისკოპოსის თანხმობით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება იყოს უფლისმიერი და არა ადამიანური გულისთქმით – „დაე, ყოველივე ღვთის სადიდებელად იყოს“ (თავი 5.2). ამგვარად, ღვთივდადგენილი კავშირის სიწმინდე და ქორწინებისმიერი მეუღლეობის მაღალი სულიერი შინაარსი ხსნის ამ საიდუმლოს ღირსებას, რათა გაცხადდეს, რომ: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელი“ (ებრ.13:4). სწორედ ამიტომ განისჯება მისი სიწმინდის ნებისმიერი შეურაცხყოფა (ეფეს. 5:2-5; 1 თეს. 4:4; ებრ. 13:4 და სხვ.).
4. ქალსა და მამაკაცს შორის ქრისტესმიერი კავშირი წარმოადგენს “მცირე ეკლესიას”, ეკლესიის ხატს. ღვთის კურთხევის მეშვეობით მამაკაცისა და ქალის კავშირი ადის უმაღლეს საფეხურამდე, რადგან ერთობა არის უფრო აღმატებული, ვიდრე ინდივიდუალური არსებობა, რადგან მეუღლეები ყოვლადწმინდა სამების სუფევის წესის თანაზიარნი ხდებიან. ქორწინებისთვის უცილობელი წინაპირობაა იესო ქრისტეში რწმენა, რომელიც უნდა გაიზიარონ სიძემ და სასძლომ, ქმარმა და ცოლმა. ქორწინებითი ერთობის აუცილებელი საფუძველია ქრისტეში ერთობა, რათა სულიწმიდის მიერ ნაკურთხ ცოლქმრულ სიყვარულში აირეკლოს ქრისტესა და ეკლესიის სიყვარული, როგორც საიდუმლო ღვთის სასუფევლისა და ადამიანის მარადიული სიცოცხლისა ღვთის სიყვარულში.
5. ქორწინების საიდუმლოს სიწმინდის დაცვას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის დასაცავად, რომელიც ასახავს მეუღლეობრივი საკვრელით შეერთებულ პიროვნებათა ურთიერთობას როგორც ეკლესიაში, ისე მთელ საზოგადოებაში. ამრიგად, პიროვნებების კავშირი, განხორციელებული ქორწინების საიდუმლოს მიერ, არ არის უბრალოდ შეთანხმებული ფიზიკური ურთიერთობა, არამედ ოჯახის წმინდა ინსტიტუტის მიერ რეალიზებული შემოქმედებითი სულიერი ძალა. ეს ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვების დაცვა და აღზრდა როგორც ეკლესიის სულიერი მისიის აღსასრულებლად, ისე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის.
6. ქორწინების საკითხში ეკლესია, წარმართთა მოციქულ პავლეს შემწყნარებლობის შესაბამისად (რომ. 7:2-3; 1 კორ. 7:12-15, 39), ყოველთვის აუცილებელი სიმკაცრითა და სამოძღვრო გულისხმიერებით ეკიდებოდა როგორც დადებით წინაპირობებს (სქესის განსხვავებულობა, ასაკი და ა. შ.), ასევე უარყოფითს (სისხლით ნათესაობა, ქორწინებით ნათესაობა, სულიერი ნათესაობა, უკვე არსებული ქორწინება, სარწმუნოებრივი განსხვავება და სხვ.) ქორწინების საიდუმლოს აღსასრულებლად. სამოძღვრო გულისხმიერება აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიური ტრადიცია ფიზიკურ კავშირს საეკლესიო საიდუმლოთი ამტკიცებს, იმიტომაც, რომ საეკლესიო პრაქტიკა არ გამორიცხავდა ბერძნულ-რომაული ბუნებითი სამართლის გათავისებას, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქორწინების საკვრელნი მამაკაცსა და ქალს შორის მიჩნეულია „საღვთო და ადამიანურის სამართლის თანაზიარებად“ (მოდესტინოსი) და იგი შეთავსებადია ქორწინების საიდუმლოს იმ სიწმინდესთან, რომელსაც ეკლესია ანიჭებს მას.
7. ქორწინების საიდუმლოსა და ოჯახის წმინდა ინსტიტუტისთვის არახელსაყრელ თანამედროვე პირობებში ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ვალდებულები არიან გაააქტიურონ სამოძღვრო მუშაობა თავიანთ სამწყსოებთან, რათა მამობრივი მზრუნველობით დაიცვან, დაეხმარონ, განუმტკიცონ მრავალგვარი სირთულის გამო შერყეული იმედი, ოჯახის ინსტიტუტის იმ ურყევ საფუძველზე დაშენებით, რომლის მორღვევასაც ვერ შეძლებენ ვერც წვიმა, ვერც მდინარეები და ვერც ქარები, რამეთუ ეს საფუძველი არის კლდე, რომელიც არის ქრისტე (შდრ. მათ.7:25).
8. დღეს საზოგადოებაში წამოწეულია საკითხი ქორწინების შესახებ, რომელიც არის ოჯახის საფუძველი, ხოლო ოჯახი – ქორწინების შედეგი. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს ის ზეწოლა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხორციელდება თანაცხოვრების სხვა ფორმების აღიარებით. ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის სხვადასხვაგვარი ფორმის მზარდი კრიზისი ღრმა შეშფოთებას იწვევს მართლმადიდებელ ეკლესიაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ფუნდამენტურ სტრუქტურაზე უარყოფითად აისახება, არამედ იმიტომაც, რომ საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით ოჯახის ტრადიციულ ურთიერთობებს. ამ ვითარებაში მთავარი მსხვერპლნი არიან წყვილები, განსაკუთრებით – ბავშვები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ბრალი არ მიუძღვით, ბავშვობიდანვე იძულებით ტანჯვას იტანენ.
9. ქალსა და მამაკაცს შორის სამოქალაქო კანონით დარეგისტრირებულ ქორწინებას არ აქვს საკრალური ხასიათი, ის განსხვავდება ღვთისა და ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინებისაგან და წარმოადგენს თანაცხოვრების სახელმწიფოებრივ სანქციას. ეკლესიის იმ წევრებს, რომლებიც შედიან სამოქალაქო ქორწინებაში, უნდა მივუდგეთ სამოძღვრო პასუხისმგებლობით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეიცნონ ქორწინების საიდუმლოს ფასეულობა და მასთან დაკავშირებული კურთხევა.
10. ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე, სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტი სინანულისა და სიყვარულის შემეცნებას, კურთხეულს ეკლესიის მიერ.
11. ქორწინების ინსტიტუტისა და ოჯახის კრიზისის მძიმე შედეგებს თვალსაჩინოს ხდის განქორწინებების, აბორტების და სხვადასხვა საოჯახო პრობლემის საგანგაშო ზრდა. თანამედროვე მსოფლიოში ეს შედეგები ეკლესიის სამოციქულო საქმიანობაში უდიდესი გამოწვევაა, ამიტომ ეკლესიის მოძღვრებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამ პრობლემათა გადასაჭრელად. მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულით მოუწოდებს საკუთარ შვილებსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს, რათა დაიცვან და შეინარჩუნონ ოჯახის სიწმინდე.
ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები; იკონომიის გამოყენება
1. ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, როგორებიცაა: სისხლით ნათესაობა, ქორწინებითი ნათესაობა, შვილად აყვანა და სულიერი ნათესაობა – გამყარებულია და გათვალისწინებულია ეკლესიის წმინდა კანონებით (ტრულის კრების 53-ე და 54-ე კანონები) და მათთან თანხმობაში მყოფი იმ საეკლესიო პრაქტიკით, როგორიც გამოიყენება დღეს ადგილობრივ ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიებში, განისაზღვრება და აღწერილია მათი სინოდების შესაბამის გადაწყვეტილებებში.
2. ბოლომდე ჯერ კიდევ დაურღვეველი და გაუუქმებელი ქორწინება, ასევე, მესამე ქორწინება, წარმოადგენს აბსოლუტურ დაბრკოლებას ახალი ქორწინებისთვის. მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციის თანახმად, ეკლესია კატეგორიულად გმობს ორქორწინებიანობასა და მეოთხე ქორწინებას.
3. წმინდა კანონთა აკრიბიის თანახმად, იკრძალება საეკლესიო ქორწინების აღსრულება სამონაზვნო აღკვეცის შემდეგ (მე-16 კანონი მე-4 მსოფლიო კრებისა და ტრულის კრების 44-ე კანონი).
4. თავისთავად მღვდლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისათვის, მაგრამ მოქმედი კანონიკური გადმოცემის თანახმად (მე-3 კანონი მეხუთე-მეექვსე, იგივე ტრულის კრებისა ), ხელდასხმის შემდეგ ეკრძალება ქორწინება.
5. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით – მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან ან არაქრისტიანებთან – მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:
ა) ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით (72-ე კანონი მეხუთე-მეექვსე, იგივე ტრულის კრებისა).
ბ) თითოეული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდს შეუძლია გამოიყენოს საეკლესიო იკონომიის შესაძლებლობა დამაბრკოლებელი ქორწინების დროს ეკლესიის წმინდა კანონების პრინციპების გათვალისწინებით და სამოძღვრო განმრჩეველობის სულით, ადამიანის ცხონების მიზნით.
გ) კანონიკური აკრიბიით, მართლმადიდებელსა და არაქრისტიანს შორის ქორწინება კატეგორიულად იკრძალება.
6. დამაბრკოლებელი ქორწინების დროს გამოყენებული საეკლესიო ტრადიციის პრაქტიკა უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის სამოქალაქო კანონმდებლობას ისე, რომ არ გასცდეს საეკლესიო იკონომიის საზღვრებს.