საზოგადოება
სიძულვილის ენის გამოყენების კუთხით ლიდერობენ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, „ასავალ–დასავალი“ და „საქართველო და მსოფლიო“ კი პრორუსულ პლატფორმაზე იმყოფებიან - MDF&სოროსის ფონდი

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. „სიძულვილის ენის გამოყენების კუთხით ლიდერობენ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ – ეს დასკვნა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ნაწილია, სადაც ამ თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე პრობლემური საკითხები - ჰომოფობია, თურქოფობია და რასიზმის შემთხვევებია დასახელებული.

 MDF –ის დირექტორის თამარ კინწურაშვილის თქმით, იკვეთება ტენდენცია, რომ სიძულვილის ენას აქვს ანტიდასავლური კონტექსტი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს, ამიტომ MDF მაუწყებლობის შესახებ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შესახებ ინიციატივით გამოდის, „სიძულვილის ენისა“ და პრორუსული პროპაგანდის აღკვეთის მიზნით. როგორც თამარ კინწურაშვილი აცხადებს, „აშკარა პრორუსულ პლატფორმაზე იმყოფებიან გაზეთები „ასავალ–დასავალი“ და „საქართველო და მსოფლიო“.

 ბოლო პერიოდში საქართველოში პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდის ასევე ენ–ჯე–ო საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (სოროსის ფონდი), სადაც უკვე დაწყებულია მუშაობა „პროექტზე, რომელიც  ქვეყანას დაიცავს პრორუსული პროპაგანდისგან და არ დაუშვებს ქვეყანაში ოკუპაციის ლეგიტიმაციას“. პროექტის მომზადების შემდეგ ის საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.