საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, შემოიღოს ავტომატური უარი საქართველოდან და უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებლებისთვის. შესაბამისი პროცედურა დასამტკიცებლად ისრაელის იუსტიციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინელებისა და ქართველებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ავტომატური უარის თქმით, შესაძლებელი იქნება “უფრო სერიოზული სიტუაციების განსახილველად რესურსის გამოთავისუფლება”.
2016 წლის იანვრიდან-ნომებრამდე პერიდოში ისრაელში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 3069 და უკრაინის 5505 მოქალაქემ, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე მეტია. ამავე დროს, 2013 წელს ამ ქვეყნებიდან თავშესაფარი მხოლოდ ხუთმა მოქალაქემ მოითხოვა.
როგორც ისრაელის მედია იტყობინება, საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნისას ძირითადად აცხადებენ, რომ ისინი სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს განიცდიან.