უცხოეთი
უკრაინამ გაეროს მიერ ყირიმის თაობაზე ანტირუსული რეზოლუციის მიღებას მიაღწია

   საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. გაერო-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ საქმეთა კომიტეტმა ყირიმში ადამიანთა უფლებათა დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ყირიმელი თათრებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებები ხშირად ირღვევა. გაერო ასევე მოუწოდებს რუსეთს, ყირიმის ნახევარკუნძულზე საერთაშორისო დამკვირვებლები დაუშვას.

დოკუმენტს მხარი 73 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა, 23 წინააღმდეგი წავიდა, მათ შორის იყვნენ, რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ვენესუელა, ჩინეთი და სხვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი კისლიცა აღნიშნავს, რომ ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ, ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება გაუარესდა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ანატოლი ვიტკოროვმა რეზოლუციას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი განმარტებით, ისტორიულ რეფერენდუმზე ყირიმის მოსახლეობამ მხარი რუსეთთან გაერთიანებას დაუჭირა.

ამასთან, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარ მომზადებულ გამოძიებო ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ შეირაღებული კონფლიქტი გამოიწვია. მათი შეფასებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთი უკრაინის მთავრობასთან შეუთანხმებლად, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა, რათა უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლი მოეპოვებინა.

"მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციამ აღიარა, რომ რუსი სამხედროები ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდების მიზნით სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ“,-ნათქვამია ანგარიშში.