პოლიტიკა
ნატოს გზავნილია, რომ ჩვენ დიალოგი გვინდა რუსეთთან - იენს სტოლტენბერგი

   საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტზე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებმა იენს სტოლტენბერგს შეკითხვები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზეც დაუსვეს.

 "ნორმალურია, როდესაც არჩეული პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ელაპარაკება, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტსაც. ნატოს გზავნილია, რომ ჩვენ დიალოგი გვინდა რუსეთთან. ის ჩვენი დიდი მეზობელია და როდესაც დაძაბულობა მატულობს და ჩვენ ვდგებით უამრავი გამოწვევის წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსეთთან დიალოგის წარმოება მნიშვნელოვანია. თუმცა, ძლიერი თავდაცვა და პოლიტიკური დიალოგი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

 ევროპელები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვის სფეროში, რაშიც სრულად ვეთანხმები. მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო ამერიკის ლიდერთა გზავნილიც და ახლა კარგია, რომ ევროპელები ამას აკეთებენ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.