აქტუალური
სიმულაციური სცენარი: „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის. ნატოს 13 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან.

 სცენარის მიხედვით, კრიზისი გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრიზისის დასრულების მიზნით მასში ჩართვა გადაწყვიტა. მოქმედების რაიონში უკვე გადასროლილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადა. ბრიგადის შტაბის საკვანძო პირებს ქართველი ოფიცრები წარმოადგენენ. სცენარის თანახმად, ამჟამად ერთობლივი დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა განახორციელოს მრავალეროვნულმა ბრიგადამ ოპერაცია მოქმედების რაიონში.

 „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას.