აქტუალური
ევროკავშირი რუსეთისადმი დამოკიდებულებას არ შეცვლის, თუნდაც აშშ-მა შეცვალოს

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ბრიუსელი რუსეთის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის იმისდა მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ამას სხვა ქვეყნები.

 „ბრიუსელს მეტად პრინციპული პოზიცია უკავია ყირიმის უკანონო მიერთებასთან და უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, - ხაზი გაუსვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, მაგრამ ამავე დროს აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა განვიხილოთ შავ-თეთრ ფერებში და მიუთითა, რომ ბრიუსელი მზად არის, ურთიერთობა იქონიოს მოსკოვთან სხვადასხვა საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით: „ერთი მხრივ, არსებობს კონსტრუქციული დიალოგი მთელ რიგ თემებზე. მეორე მხრივ, არსებობს ჩვენი პრინციპული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და ჩვენს აღმოსავლეთში კონფლიქტური სიტუაციების თაობაზე“.

 მოგერინიმ, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სთან ევროატლანტიკური პარტნიორობა გაფართოვდება. ამასთან დაკავშირებით მან მომავალი სახელმწიფო მდივანი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ახალ შეხვედრაზე მიიწვია.