პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სატელეფონო საუბარი

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საუბრის დასაწყისში გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გერმანელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო. 

 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.  მანვე პრემიერს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გერმანიის მთავრობის სახელით საქართველოს მთავრობას  სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. 

 საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მხრიდან  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობას.  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს.  

 სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.