აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლის წინა სწავლებას გადის

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში ქვედანაყოფის ოცეულის მეთაურებისთვის „უმცროსი მეთაურების განვითარების კურსი“ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ჩატარდა.

 სწავლებას 23-ე ბატალიონისა და ამერიკული საწვრთნელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 23-ე ბატალიონის ოცეულის მეთაურები ამოცანის შესასრულებლად აუცილებელ ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს გაეცნენ. მათ გაიარეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელიც დაეხმარება დასახლებულ პუნქტში სამხედრო ოპერაციების, ლიდერებთან შეხვედრებისა და გასაუბრების, დღის და ღამის პატრულირების, კორდონისა და ჩხრეკის ოპერაციების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, საბრძოლო ბრძანების მიღება-გაცემასა და კონტაქტზე რეაგირებაში.

 ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.