აქტუალური
ჰილარი კლინტონი: არჩევნებში დამარცხება მტკივნეულია და ეს ტკივილი დიდხანს გაგრძელდება

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მე მივულოცე დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება და თანამშრომლობა შევთავაზე,- ამის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 როგორც კლინტონმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი იქნება წარმატებული პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის.

 “ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ ეს არჩევნები ჩვენი ერთობლივი ღირებულებებისა და შეხედულებებისთვის, თუმცა თავს ამაყად  ვგრძნობ, თქვენი მადლობელი ვარ.  თქვენ ამერიკის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენთ",-აღნიშნა კლინტონმა.

 მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხება მტკივნეულია, მაგრამ ეს ტკივილი დიდი ხანი გაგრძელდება.

 “ვიცი, რამდენად იმედგაცრუებულად გრძნობთ თავს, მეც ასე ვარ. ეს მტკივნეულია და ეს ტკივილი დიდი ხანი გაგრძელდება. ჩვენი კამპანია არ ეხებოდა ერთ პიროვნებსა და ერთ არჩევნებს, ის ეხებოდა მთელ ქვეყანას, რომელიც გვიყვარს. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ერი უფრო მეტად არის დაყოფილი. ჩვენ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპი იქნება ჩვენი პრეზიდენტი. ჩვენი კონსტიტუცია და დემოკრატია უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას",-აღნიშნა კლინტონმა.

 ჰილარი კლინტონმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და მათ დემოკრატიული სახელმწიფოს ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.

 "დემოკრატია ჩვენს მონაწილეობას ითხოვს",- აღნიშნა კლინტონმა.

 მისივე თქმით, მისმა კამპანიამ, რომელიც წელიწადნახევარი გაგრძელდა, მილიონობით ადამიანი გააერთიანა.

 კლინტონმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ტიმ კეინს, ასევე პრეზიდენტ ობამასა და პირველ ლედის, მიშელ ობამას.

 ჰილარი კლინტონი მხარდამჭერებთან მეუღლესთან, ბილ კლინტონთან ერთად მივიდა.