სამართალი
„მემარცხენე ალიანსმა“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ კომპანიის სათავო ოფისში საპროტესტო წერილი შეიტანა

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ოფისში პარტია "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და სხვა ლიდერებმა კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის სახელზე საპროტესტო წერილი შეიტანეს, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გადასახადის გადახდის ახალი ფორმის შემუშავებას შეეხება.

 „თქვენი გადაწყვეტილება წყლის ტარიფის ახალი გადახდის ფორმასთან დაკავშირებით არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება, რომ მომხმარებელი ერთ პროდუქტში 2-ჯერ და მეტჯერ იხდიდეს გადასახადს. თქვენ მოახდინეთ საქართველოს კანონმდებლობის თქვენეული ინტერპრეტაცია და ისედაც სოციალურად დაუცველ საქართველოს მოსახლეობას თქვენს მიერ მოწოდებულ პროდუქტზე ზედმეტად დაუწესეთ გადასახადი. ამასთანავე, საქართველოში დაწესებული წყლის გადასახადი ისედაც არაადეკვატურად მაღალია.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, აღადგინოთ ძველი გადახდის ფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის ყველა კანონიერ ზომას, მათ შორის  პოლიტიკურს და სამართლებრივს“, - ნათქვამია საპროტესტო წერილში.