უცხოეთი
ტრამპის პირველი სიტყვა: აშშ კონფლიქტების ძებნას არ შეუდგება

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის  საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება. თავის საარჩევნო შტაბში სიტყვით გამოსვლისას მან დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

 "პირობას ვდებ ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე, რომ ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი", - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ითანამშრომლებს იმ სახელმწიფობთან, რომლებსაც აშშ-სთან თანამშრომლობის სურვილი ექნებათ. "თანამშრომლობა, კონფლიქტის ნაცვლად",  - განაცხადა ტრამპმა.

 მან აშშ-ის ეკონომიკის განვითარების პირობაც დადო. ტრამპის თქმით, ის აშშ-ის ნაციონალურ აღორძინებას და განახლებას უზრუნველყოფს.

 "გპირდებით, რომ დაცემის უფლებას არ მოგცემთ, ჩვენ დიდ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენი მოძრაობა მხოლოდ ახლა იწყება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავასაქმოთ ამერიკელი ხალხი",  - განაცხადა აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა.

 "თითოეულ ამერიკელს ექნება საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალება. ჩვენი ქვეყნის მივიწყებული  ქალები და კაცები აღარავის დაავიწყდება. ჩვენ შევაკეთებთ ჩვენს ქალქებსა და განვაახლებთ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა ტრამპმა.

 ამას გარდა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ჰილარი კლინტონმა დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 მისი თქმით, ჰილარი კლინტონი დიდი ხანი მუშაობდა და ემსახურებოდა ქვეყანა.

 "ახლა დემოკრატები და რესპუბლიკელები უნდა გაერთიანდნენ. მოვიდა დრო, მე ვფიცავ, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მივმართავ მათ, ვინც არ მიჭერდა მხარს, უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ არ გვქონდა კამპანია, არამედ მოძრაობა. ქალები და კაცები, რომლებსაც უყვართ ჩვენი ქვეყანა. ეს მოძრაობა აერთიანებს ყველა რელიგიისა და წარმომავლობის ადამიანს. ყველა ამერიკელს ექნება შანსი, თავისი პოტენციალი განავითაროს. მილიონობით ადამიანს ექნება სამუშაო ადგილი", - აცხადებს ტრამპი.

 მისივე თქმით, არ არსებობს ოცნება, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია.

 "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. არანაირი ოცნება არ შეიძლება იყოს განუხორციელებელი. ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ჩვენ ამაზე ვოცნებობდით, და ეს ასე იქნება. ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებებს", - აღნიშნა აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა.