2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკაში იგივე მოხდა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს - საქართველოში: ბიზნესმენმა - მილიარდერმა დონალდ ტრამპმა გარყვნილი და არაადეკვატური ჰილარი კლინტონი დაამარცხა, როგორც 4 წლის წინ ბიზნესმენმა - მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა გარყვნილი და არაადეკვატური მიხეილ სააკაშვილი.
დღეს ამერიკელმა ხალხმა, როგორც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ, ხელისუფლების მიერ ამოქმედებული ადმინისტრაციული რესურსის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის - ბარაკ ობამას აშშ-ში და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში - უხეში აგიტაციის და ესტრადის ვარსკვლავების მხარდაჭერის მიუხედავად, აირჩია სიკეთე, რომელმაც ბოროტებაზე გაიმარჯვა.
თუ Forbes-ს დავუჯერებთ, ივანიშვილი ტრამპზე მდიდარია და, შესაბამისად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში უსწრებს, თუმცა, ორივე მათგანი თავისი სამშობლოს მომავალ აყვავებაზე მეოცნებეა: ბიძინა ივანიშვილმა შემთხვევით როდი დაარქვა თავის პარტიას “ქართული ოცნება”, ხოლო დონალდ ტრამპმა თავისი პირველი გამოსვლა ამერიკულ ოცნებას მიუძღვნა და ამერიკელებს მოუწოდა, „თამამად იოცნებონ, რათა აშშ-ის ბედი შეცვალონ“.
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნები და აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნები ერთმანეთს კიდევ იმითაც ჰგავს, რომ მათი შედეგი ყველასათვის შოკი აღმოჩნდა: საქართველოში მაშინ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებას მოელოდნენ, მაგრამ ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა; აშშ-სა და ევროპაში კი “ქორი” ჰილარი კლინტონის გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებული, მაგრამ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რომელიც ომების, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში აშშ-სა და ნატოს ჩარევის წინააღმდეგ გამოდის და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ემხრობა. რუსოფობი კლინტონის გულშემატკივარი მთელი ქართული პოლიტისტებლიშმენტი - პოლიტიკოსები, ექსპერტები, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია - ანალიტიკური აზროვნების უნარს მოკლებული რომ არ ყოფილიყო, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც გამოიცნობდა ტრამპის გამარჯვებას! პუტინისადმი სიძულვილმა მათ ისედაც ბრმა თვალები ისე დაუბინდა, რომ ვერ შენიშნეს - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჰილარის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება (უკანონო ელექტრონული მიმოწერა, ტერორისტულ სამყაროსთან კავშირი და სხვა) ორიოდე დღეში უცებ როგორ შეწყდა და ბოლო დღეების განმავლობაში კლინტონი და ტრამპი ერთმანეთს აღარ ლანძღავდნენ!
ამისი ახსნა შეიძლებოდა, ერთადერთი ყოფილიყო - ჭირვეული კლინტონი გააფრთხილეს, რომ შემდგომი დესტრუქციული ქმედებების შემთხვევაში, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება და აშშ-ის ინტერესებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, მის წინააღმდეგ სპეცსამსახურების ხელთ არსებული უზარმაზარი კომპრომატი ამოქმედდება! თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰილარიმ თავის კანონმორჩილებაში დაარწმუნა - პირობა დადო, რომ არჩევნებში მოსალოდნელ წაგებას შეეგუებოდა და პუტინის რუსეთის ყველა ზღვარს გადასულ ლანძღვას შეწყვეტდა - ეს საქმეები მაშინვე დაიხურა.
და კიდევ - “ტრამპი”(trump) ინგლისურად “კოზირს” ნიშნავს: აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი უდავოდ ის კოზირი იქნება, რომელიც ამერიკასა და რუსეთს გამარჯვებას მოუტანს, იმიტომ რომ 45-ე წელი - გამარჯვების წელია რუსი და ამერიკელი ხალხებისთვის, რომლებმაც ფაშიზმი მხარდამხარ დაამარცხეს!
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 9 ნოემბერი