პოლიტიკა
ცვლილებები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში - მერია 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ საკრებულოში დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელეს. დედაქალაქის მერია 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს.

 „მცირდება ავარიული შენობა-ნაგებობისთვის, კომუნალური ვაუჩერის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხები. ბიუჯეტის გადახარჯვა გამოწვეული იყო წინასაარჩევნო მიზნებისთვის ქართული ოცნების” მიერ საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენებით“, - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე.

 ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში და ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლებული სახსრების გადანაწილება ხდება.

 „ბიუჯეტის ზოგადი პარამეტრები იგივე რჩება, უბრალოდ, ხდება შიდა კორექტირება, ეკონომიებიდან გამომდინარე. 14 მილიონიდან კონკრეტულად ვაუჩერის ცვლილებას ეხება მხოლოდ და მხოლოდ ნახევარი მილიონი, ეს არის ეკონომიებიდან დარჩენილი თანხა. ამიტომ ჩემმა ოპონენტებმა უფრო დაწვრილებით უნდა ჩაიხედონ დოკუმენტში“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.