აქტუალური
ჯონ ნიკოლსონი: საქართველო ყოველთვის ჩვენთან არის, როცა ჩვენ მას დახმარებისთვის მივმართავთ!

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

 „სწორედ გენერალ ნიკოლსონის სარდლობის ქვეშ ახორციელებენ ოპერატიულ საქმიანობას ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში. მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ჩვენ ამერიკული მხრიდან ვგრძნობთ როგორც ავღანეთში, ისე საქართველოში. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ, განვახორციელოთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული მემორანდუმით არის გათვალისწინებული. გენერალმა სურვილი გამოთქვა, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამის იმპლემენტაციაში და მხარდაჭერაც აღგვითქვა პროგრამის წარმატებულად განხორციელების საქმეში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 „ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო აქ, როგორც ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური. ქართველი სამხედროების მეთაურობა ჩემთვის ღირსების საკითხია. საქართველო ავღანეთში ჯარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უდიდესი მსხვერპლისა და შეერთებული შტატებისა და ნატოს მხარდაჭერისთვის ავღანეთში. აშშ საქართველოს გვერდით იდგება, რადგან საქართველო ყოველთვის ჩვენთან არის, როცა ჩვენ მას დახმარებისთვის მივმართავთ“, - აღნიშნა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა.