აქტუალური
ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის თემის კომენტირებისას განუცხადა.

 მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდება, რის შესახებაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 „ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ.

 პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ იგეგმება მთლიანად თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმირება, რათა ის ნატოს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს.

 მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება.

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი დონიდან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის 100 დღის საქმიანობის ანგარიშისა და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის პრეზენტაციას დაესწრო. ლევან იზორიამ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.