აქტუალური
საქართველოს რკინიგზა ზვარეში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოს რკინიგზას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან საკონტრაქტო ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით გაფორმდა.

 „დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს. ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ პირების განცხადება, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს რკინიგზა წარმოაჩინონ, როგორც კონფლიქტის მხარე, ვინაიდან რკინიგზა არ წამოადგენს სამართალურთიერობის მხარეს/სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 „რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ - ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. საკითხის გარკვევაში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება. დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზს“, - ნათქვამია განცხადებაში.