აქტუალური
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრ (JTEC) „კრწანისში“ 10–12 ნოემბერს „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ჩატარდება

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. სწავლება ოფიციალურად ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში 10 ნოემბერს გაიხსნება. ნატო-საქართველოს სწავლება 2016” უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს წარმოადგენს ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ის პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც ნატოს სწავლებების სიაშია შეტანილი. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც გაიმართება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP). პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა, რაც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

 „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება.  მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ნატოს წევრი ქვეყნების  (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ მონაწილეობას. სწავლებაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC), საერთაშორისო ორგანიზაციის Save the Children და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.