უცხოეთი
კარასინი: თბილისი რუსეთის მიმართ პერიოდულად კონფრონტაციულ რიტორიკაზე გადადის

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველო უწინდებურად მზად არ არის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად“, – განაცხადა რია ნოვოსტი–სთან ინტერვიუში სტატს–მდივანმა, რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობების დონის შესახებ საუბრისას კარასინმა აღნიშნა, რომ „აქ ერთგვაროვანი შეფასების გაკეთება შეუძლებელია“.

 „ერთი მხრივ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოხერხდა ორმხრივი ურთიერთობების საგრძნობლად გაუმჯობესება, მათი ჩიხიდან გამოყვანა, რომელში ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გამო აღმოჩნდნენ. რუსეთი კვლავ საქართველოს საკვანძო გარე ეკონომიური პარტნიორების რიცხვშია, მოხდა სატრანსპორტო მიმოსვლის ნორმალიზება, ბობოქრად ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურული გაცვლა–გამოცვლა. ანუ მიღწეულია ერთობ ხელშესახები შედეგები, რომლებიც სრულად პასუხობს ორივე ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს“, – განაცხადა მან.

 „ამავე დროს, ქართული მხარე უწინდებურად მზად არ არის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, რომელიც 2008 წლის სექტემბერში გაწყვიტა.

 ოფიციალური თბილისი პერიოდულად კონფრონტაციულ რიტორიკას აწარმოებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. და ეს, რბილად რომ ითქვას, სიმყარეს როდი სძენს ზემოაღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციებს. ამის შესახებ მუდამ ვეუბნები საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს ჩვენი რეგულარული დიალოგის მიმდინარეობისას“, – დასძინა რფ–ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ორი ქვეყნის პრეზიდენტების – ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის კონტაქტი არ იგეგმება. „რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენები უფრო მაღალი დონის კონტაქტებს, ასეთი შეხვედრები ამ ეტაპზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ იგეგმება“, – აღნიშნა დიპლომატმა.