სამართალი
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები. 2016 წელი, ოქტომბერი

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2016 წლის ოქტომბრის თვე 527 157 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,5 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 406 188 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2 372 351-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19,7%-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 215 620 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20,9%);

ბ) ტრანზიტი - 121 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);

გ) სხვა - 190 026 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

2016 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-2,1%), აზერბაიჯანიდან (+10,1%), თურქეთიდან (-16,6%), რუსეთიდან (+13%), უკრაინიდან (+15,8%) და ირანიდან (+344,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან.