აქტუალური
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილება

  საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის  - თამარ ჩუგოშვილის, ხოლო ვიცე–სპიკერის  თანამდებობაზე გიორგი ვოლსკის კანდიდატურა განიხილება.

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა პარლამენტში ამჟამად მანანა კობახიძეს უჭირავს. გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე ახალი მოწვევის პარლამენტის სპიკერატში აღარ იქნება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რამდენიმე ფრაქციის შექმნას გეგმავს.  ერთ-ერთი იქნება ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელსაც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

ასევე გავრცელებული  ინფორმაციით, პარლამენტში  იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს. ბესელია წინა მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სათავეში ჩაუდგება ზემოხსენებული თამარ ჩუგოშვილი.