აქტუალური
გიორგი ფრუიძე :"ტელეიმედის" ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება კომისიამ ზეწოლის შედეგად მიიღო

  საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი წევრი ადასტურებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს "ტელეიმედის" ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება კომისიამ ზეწოლის შედეგად მიიღო. კომისიის ყოფილი წევრი გიორგი ფრუიძე მოწმის სახით დაიკითხა "ტელეიმედის საქმეზე". ის 2007 წელს კომუნიკაციების კომისიაში მუშაობდა და როგორც აცხადებს, 7 ნოემბერს კომისიაში არ ყოფილა მისული, თუმცა კომისიის ხელმძღვანელი ნონიკაშვილი მოუყვა, თუ როგორ განხორციელდა "ტელეიმედის" სანქცირება, როგორ დაიბარეს მოდულის შენობაში, სადაც დახვდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი, ხოლო ადეიშვილმა ნონიკაშვილს უთხრა, რომ მასთან სამსახურში მურთაზ ზოდელავა მივიდოდა "ტელეიმედის საქმეზე". რაც შეეხება "ტელეიმედის" ლიცენზიის საკითხს, მოწმემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გაეცნო ამ გადაწყვეტილებებს. მისივე თქმით, ჩანდა, რომ საკითხი უკანონოდ იყო მიღებული.

 "ტელეიმედის", 7 ნოემბრის აქციის დარბევის, მთაწმინდის პარკის და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აქვთ წარდგენილი.