საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი შეერთებული შტატების არჩევნებში ჩარევასა და კიბერთავდასხმებში რუსეთის საჯარო დადანაშაულების წინააღმდეგი იყო.
გავრცელებული ცნობით, ბიუროს დირექტორმა, ჯეიმს კომიმ ხელი არ მოაწერა უშიშროების დეპარტამენტისა და დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამერიკის ოფიციალური პირების ელექტრონულ ფოსტებზე ჰაკერული თავდასხმები რუსეთის მითითებით ხორციელდებოდა.
FBI-ის დირექტორი მაშინ აცხადებდა, რომ რუსეთის ხსენება უარყოფით გავლენას მოახდენდა შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე.
გასულ კვირას საგამოძიებო ბიურომ ჰილარი კლინტონის თანაშემწის კომპიუტერში აღმოჩენილ წერილებთან დაკავშირებით ახალი მოკვლევა დაიწყო. გამოძიება სწავლობს, შეიცავს თუ არა მიმოწერა სახელმწიფო საიდუმლოებას.